ხორვატიის ნაკრების ყოფილი მოთამაშე - მთელი მსოფლიო გაერთიანდა რუსეთის წინააღმდეგ, ახლა იქ არც ერთი ფეხბურთელი აღარ წავა #1TVSPORT
ხორვატიის ნაკრების ყოფილი მოთამაშე - მთელი მსოფლიო გაერთიანდა რუსეთის წინააღმდეგ, ახლა იქ არც ერთი ფეხბურთელი აღარ წავა #1TVSPORT

ხორვატიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, ტომისლავ დუიმოვიჩმა, რომელიც თამაშობდა „ამკარში“, მოსკოვის „ლოკომოტივსა“ და „დინამოში“, ასევე „მორდოვიაში“ (ახლა კი როგორც მენეჯერი ბევრ კლუბთან თანამშრომლობდა) გამოცემა sportske.jutarnji-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთს და მის ფეხბურთს უდიდესი პრობლემები შეექმნება მას შემდეგ, რაც ფიფა-მ და უეფა-მ განუსაზღვრელი ვადით შეუჩერეს მონაწილეობა ყველა შეჯიბრში.

„დღითიდღე უფრო და უფრო მეტი სანქციებია რუსეთის წინააღმდეგ, ამიტომ ვგრძნობდი, რომ ასეთ გადაწყვეტილებას ფიფა და უეფა მიიღებდნენ. მათზე დიდი ზეწოლა იყო. მთელი მსოფლიო გაერთიანდა რუსეთის წინააღმდეგ, ეს უნდა გაეკეთებინათ უკრაინელი ხალხის გულისთვის. მსოფლიომ გადაწყვიტა შეეჩერებინა რუსეთი, რათა მათ გაეგოთ, რომ რასაც აკეთებენ, არასწორია. ვითარება ისეთია, რომ სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ სპორტსმენებს რუსებთან თამაში არ სურთ. ისინი ძალიან დაზარალდნენ.

ფეხბურთელებში დიდი შოკია, რადგან ყველას სურდა მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში. მაგრამ საკითხავია, რისი თქმა შეუძლიათ ამაზე, როგორც ფეხბურთელებს, ასევე ლიგას. რუსეთის მოქალაქეებისთვის ეს ადვილი არ არის. ფიფა და უეფა წყვეტენ კონტრაქტებს „გაზპრომთან“ და სხვა რუსულ კომპანიებთან, ამიტომ უარს ამბობენ ფულზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პოლიტიკაზე მეტია. გზავნილი რუსეთისთვის არის ის, რომ მათ უნდა შეწყვიტონ ის, რასაც აკეთებენ. ეს არის ომი, ნამდვილი ომი. რუსულ მედიას თვალყურს ვადევნებ და იმას კი არ წერენ, რომ უკრაინაში ომი მიმდინარეობს, არამედ „რაღაც სიტუაციები ხდება“. ცდილობდნენ დამალონ სიტყვა ომი. მაგრამ დაზიანებულია მშვიდობიანი მოსახლეობა და შენობები, რომლებიც არ არის სამხედრო სამიზნე. ცუდი რაღაცები ხდება.

რუსეთიდან ვინმესთან თუ მქონდა შეხება ამ დღეებში? ყოფილ თანაგუნდელებთან. ბევრი მათგანი საჯაროდ არ გამოდის, თუმცა რამდენიმე სპორტსმენმა, მომღერალმა თუ ბიზნესმენმა თქვა, რომ ისინი ომს მხარს არ უჭერენ. ისინი არ საუბრობენ იმაზე, თუ ვინ არის დამნაშავე, მაგრამ მათ არ სურთ ომი. დონეცკს, ლუგანსკს და ყირიმს სხვანაირად უყურებენ, ვიდრე დასავლეთში, მაგრამ არ მეგონა, რომ კიევზე ომით წავიდოდნენ.

მოთამაშეთა კონტრაქტების გაწყვეტას რაც შეეხება – ყველა სფეროში ფორსმაჟორული ვითარებაა. ამიტომაც ფიფა-ს და უეფა-ს უფლება აქვთ გადაწყვიტონ კონტრაქტები. რუსები იჩივლებენ ლოზანის სპორტულ არბიტრაჟში, რომელიც შვეიცარიაში მდებარეობს. მაგრამ ნეიტრალურმა შვეიცარიამაც კი ასზე მეტი წლის შემდეგ სანქციები პირველად დააწესა. ჩემი აზრით, გადაწყვეტილების შეცვლა ნაკლებად სავარაუდოა.“