ხორვატიის ნაკრები ერთა ლიგის „ოთხთა ფინალის“ პირველი მონაწილე გახდა. მსოფლიო ჩემპიონატის მესამე პრიზიორმა როტერდამის „დე კუიპის“ სტადიონზე ნიდერლანდების ნაკრები დამატებით დროში 4:2 დაამარცხა.
ნიდერლანდების მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა მოედანზე გამოიყვანა შემადგენლობა, რომლის საშუალო ასაკი 25 წელი და 143 დღე იყო. ასეთი ახალგაზრდული შემადგენლობა ნიდერლანდებს 2018 წლის ოქტომბრის შემდეგ არ ჰყოლია. გარდა ამისა, მასპინძლების სასტარტოში ქვეყნის ახალი ჩემპიონის „ფეიენოორდის“ სამი ფეხბურთელი იყო – პირველად 2017 წლის შემდეგ.
მასპინძლებმა პირველი ტაიმი „დორტმუნდის“ შემტევის, დონიელ მალენის გოლით 1:0 მოიგეს და ამ ანგარიშს 55-ე წუთამდე ინარჩუნებდნენ. ხორვატებმა პენალტით გაათანაბრეს – კოდი გაკპომ საჯარიმოში ლუკა მოდრიჩი წააქცია და ანდრეი კრამარიჩმა 11-მეტრიანი დამაჯერებლად შეასრულა. 72-ე წუთზე კი ზლატკო დალიჩის შეგირდები წინ გავიდნენ – ლუკა ივანუშეცმა მარცხენა ფლანგიდან ჩააწოდა და მარიო პაშალიჩმა ერთი შეხებით ზუსტად დაარტყა.
ხორვატიას წამები დააკლდა ფინალის საგზურის მოპოვებამდე. მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მეექვსე წუთზე, ნიდერლანდების ხანგრძლივი შეტევის შემდეგ, მოგერიებული ბურთი საჯარიმოს ხაზთან შეცვლაზე შესულ ნოა ლანგს მიუვიდა და „ბრიუგეს“ ფეხბურთელმა შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანა.
დამატებითი დროის დასაწყისში დალიჩმა მოედანზე ზაგრების „დინამოს“ ფორვარდი ბრუნო პეტკოვიჩი შეიყვანა და მან 98-ე წუთზე მეორედ გაიყვანა წინ ხორვატია, როცა ფლანგიდან ცენტრში შეიწია და შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა. 116-ე წუთზე კი ხორვატების გამარჯვება მოდრიჩმა ზუსტი 11-მეტრიანით საბოლოოდ გააფორმა.
აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდების ნაკრებმა შეწყვიტა „დე კუიპზე“ 31-მატჩიანი წაუგებელი სერია. „ნარინჯისფრებს“ „ფეიენოორდის“ არენაზე ბოლო 22 მატჩიდან 21 ჰქონდათ მოგებული.
ხორვატიის მეტოქე ფინალში ხუთშაბათს გაირკვევა, როცა მეორე ნახევარფინალში იტალია და ესპანეთი შეხვდებიან ერთმანეთს.
ნიდერლანდები-ხორვატია 2:4
გოლები: 1:0 მალენი (34), 1:1 კრამარიჩი (55-პენ), 1:2 პაშალიჩი (72), 2:2 ლანგი (90+6), 2:3 პეტკოვიჩი (98), მოდრიჩი (116-პენ)
ნიდერლანდები: ბილოუ, დუმფრიზი (85. ლანგი), ვან დეიკი, გერტრუიდა, აკე (106. მალასია), კოპმეინერსი, დე იონგი, ვიფერი (75. ვეინალდუმი), სიმონსი (64. ვეგჰორსტი), გაკპო (106. დე როონი), მალენი (75. ბერგვეინი).
ხორვატია: ლივაკოვიჩი, იურანოვიჩი (79. სტანიშიჩი), ვიდა, შუტალო (91. პეტკოვიჩი), პერიშიჩი, მოდრიჩი (119. ბარიშიჩი), კოვაჩიჩი (85. მაერი), ბროზოვიჩი, პაშალიჩი, ივანუშეცი (78. ვლაშიჩი), კრამარიჩი (90. ერლიჩი).