ხორვატიის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი ივიცა ოლიჩი - საქართველოს ნაკრებთან თამაშისთვის კარგად უნდა მოვემზადოთ, მეტოქის დაუფასებლობა დაუშვებელია #1TVSPORT
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრად პლეი ოფში ხორვატიის წინააღმდეგ ითამაშებს, რომლის მთავარმა მწვრთნელმა, ივიცა ოლიჩმა წილისყრაზე კომენტარი გააკეთა.
ხორვატიის ეროვნული გუნდისა და მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილმა თავდამსხმელმა რამაზ სვანაძის გუნდის მიმართ პატივისცემა გამოხატა და ქართული ფეხბურთის აღმავლობაზე ისაუბრა.
„საქართველოს ნაკრებმა შესარჩევ ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და შვედეთს აჯობა, რაც მათ მაღალ კლასზე მეტყველებს. ქართველებმა აჩვენეს, რამდენად საშიშნი არიან, გუნდი ნიჭიერი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ამიტომ მაქსიმალურად ფრთხილად უნდა ვიყოთ და მათთან თამაშს კარგად მომზადებული შევხვდეთ, მეტოქის დაუფასებლობა დაუშვებელია. ქართული ფეხბურთი აღმავლობის გზაზეა, რასაც ევროპის ჩემპიონატზე მათი ეროვნული ნაკრების წარმატებაც მოწმობს.
ეჭვგარეშეა, რომ დადებითი განწყობა ახალგაზრდულ ნაკრებსაც გადაეცემა, რაც კიდევ უფრო გვმატებს მოტივაციას, მაქსიმალურად მზად ვიყოთ ამ გამოწვევისთვის“, – განაცხადა ივიცა ოლიჩმა ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუში.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ხორვატიასთან პირველ მატჩს 15 ნოემბერს საკუთარ მოედანზე გამართავს, ხოლო საპასუხო მატჩს სტუმრად – 19 ნოემბერს.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს 2025 წლის 11-დან 28 ივნისის ჩათვლით სლოვაკეთი უმასპინძლებს. ტურნირის ფინალური ეტაპის წილისყრა ბრატისლავაში 3 დეკემბერს გაიმართება.