ხორვატიის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი - ჩვენ უკეთესები ვიყავით, ქართველები უცნაურად თამაშობდნენ #1TVSPORT
ხორვატიის 21-წლამდელთა მთავარმა მწვრთნელმა, ივიცა ოლიჩმა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან მატჩი პრესკონფერენციაზე შეაფასა და, მარცხის მიუხედავად, ამტკიცებდა, რომ მეტოქეზე უკეთესი ნაკრები ჰყავს.
რამაზ სვანაძის გუნდმა საქართველოში 1:0 მოიგო, ხორვატიაში 2:3 დამარცხდა, მაგრამ პენალტების სერია უკეთ შეასრულა და ევრო 2025-ის ფინალურ ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა.
„ნახეთ, რომ ჩვენ უკეთესი გუნდი ვიყავით, მაგრამ ორ დარტყმიდან ორი გოლი გავუშვით. ეს იყო ზუსტად ის, რაც მთელი საკვალიფიკაციო ეტაპის განმავლობაში გვაწუხებდა. გოლი სუსტ გუნდებთანაც ვერ ავიცილეთ. თამაში პენალტებისკენ წავიდა. იმედი მაქვს, ამ ბიჭებს კარიერული შესაძლებლობები კიდევ ექნებათ და კარგ შედეგებს მიაღწევენ.
ქართველები უცნაურად თამაშობდნენ, წინ ყოველთვის 3-4 მოთამაშე ჰყავდათ, რაც მათი დასჯის შანსს გვაძლევდა, მაგრამ სირბილსა და მოძრაობაში ძალიან ძლიერები არიან. ბოლოს ეს ძვირი დაუჯდათ, რადგან ბოლო 20 წუთში ძალა აღარ შერჩათ და სათანადო შემცვლელებიც არ ჰყავდათ, ტემპი მთელი თამაშის განმავლობაში რომ შეენარჩუნებიათ.
ვფიქრობ, ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ. მეორე გოლს თუ გადავხედავთ, ეს ბავშვური შცედომით მოგვივიდა. ქართველებმა კი არ გვაჯობეს, არამედ თავად ვუშვებდით შეცდომებს. ბევრი ფეხბურთელი კარგი იყო, მაგრამ შანსები ხელიდან გავუშვით. სამწუხაროა, რომ 2002 და 2003-წლიანების თაობა ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს, მაგრამ გუნდში მყოფ სხვა ასაკის ახალგაზრდებს ამის შანსი კიდევ ექნებათ“, – განაცხადა ხორვატიის 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა.