ხორვატიის 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი - ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან საქართველომ იცის, მეტოქე როგორ დასაჯოს #1TVSPORT
ხორვატიის 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი - ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან საქართველომ იცის, მეტოქე როგორ დასაჯოს #1TVSPORT

ხორვატიის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ივიცა ოლიჩი საქართველოსთან ევრო 2025-ის პლეი ოფის საპასუხო მატჩამდე ოპტიმისტურადაა განწყობილი და მიიჩნევს, რომ მისი გუნდი პირველ თამაშში დაშვებულ შეცდომებს რიეკაში გამოასწორებს.

„მჯერა, რომ ჩვენ უკეთესი გუნდი ვართ და ამას ვაჩვენებთ. პირველი მატჩის წაგების მიუხედავად, წინ საკუთარ მოედანზე ჩასატარებელი შეხვედრა გვაქვს და დასვენებულებსა და კარგად მომზადებულებს მოგების კარგი შანსი გვაქვს. კარგი ამბავი ისაა, რომ ბელჩარი და ბელო დაგვიბრუნდნენ და ახლა გუნდი ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე თბილისში იყო.

დისციპლინა და სიფრთხილე მნიშვნელოვანია. ჭკვიანურად უნდა ვითამაშოთ და არ უნდა ვიჩქაროთ, რადგან საქართველომ იცის, მეტოქე როგორ დასაჯოს. ეს არის გუნდი, რომელსაც უყვარს მოედანზე არეულობის შექმნა და მეტოქის დაბნევა. ასეთი ფეხბურთით მათ პრობლემები ნიდერლანდებისა და შვედეთის ძლიერ გუნდებსაც შეუქმნეს.

თბილისში სწრაფმა ავტოგოლმა და შემდეგ წითელმა ბარათმა გუნდი მწყობრიდან გამოიყვანა, მაგრამ შოკი სწრაფად დავძლიეთ და ძალიან კარგად ვითამაშეთ. მატჩის საუკეთესო შანსი მატია ფრიგანს ჰქონდა. სამწუხაროდ, ამ თამაშებში VAR-ის სისტემა არ მოქმედებს, თორემ არბიტრს მომენტი რომ გადაემოწმებინა, პენალტს დაგვინიშნავდა და თამაში სხვა შედეგით დასრულდებოდა. ყველაზე მეტად მომეწონა, რომ ჩავლინას გაძევების შემდეგ თავს კარგად ვიცავდით და მეტოქეს გოლი აღარ გავატანინეთ. ამან შანსი შეგვინარჩუნა.

თამაში გავაანალიზეთ და ფეხბურთელებს ვაჩვენეთ, სად დაუშვეს შეცდომები. მეტოქეს შანსები და თავისუფალი ზონები სათამაშო დისციპლინის დაუცველობით მივეცით. როდესაც სათამაშო გეგმას მივყვებოდით, ბურთს და თამაშს ვაკონტროლებდით. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ქართველებს ფიზმომზადების პრობლემა შეექმნათ. ასე რომ, მომავალი მატჩში გუნდის შემადგენლობა და შემტევი არსენალი იმედიანად განმაწყობს“, – განაცხადა ოლიჩმა.