ხორხელის ბენეფისი გრძელდება - „საბურთალო“ კონკურენტ „დილასთან“ დამარცხდა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის მე-15 ტური თბილისსა და რუსთავში გამართული მატჩებით დასრულდა. ტურის მეორე დღე მასპინძლებისთვის უიღბლო გამოდგა – ორივე მათგანი დამარცხდა.
„გაგრამ“ „დინამო არენაზე“ ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლა და ზედიზედ მესამედ დამარცხდა. ბოლნისელებმა ანგარიში 42-ე წუთზე გახსნეს – მასპინძელთა კარი ნიკა ხორხელმა აიღო, რომელიც ასაკის მიუხედავად, გუნდის ერთ-ერთ საკვანძო მოთამაშედ ყალიბდება. 56-ე წუთზე „გაგრას“ თავდამსხმელმა მათე ვაწაძემ წონასწორობა აღადგინა, მაგრამ მე-80 წუთზე ნიკა ხორხელმა დუბლი ეფექტური სოლო რეიდის შემდეგ შეასრულა და ბოლნისელებს უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუტანა 1:2.
ფეხბურთის ფედერაციის რუსთავის ცენტრში „საბურთალომ“ კონკურენტს, გორის „დილას“ უმასპინძლა – პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მთავარი ამბები კი მეორე ნახევარში მოხდა. „დილა“ გიორგი ჯგერენაიას ავტოგოლით 50-ე წუთზე დაწინაურდა, ხოლო 64-ე წუთზე გორელების უპირატესობა ნიკა გაგნიძემ ძალიან ეფექტური გოლით გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.