ხორხე მასვიდალი - მერაბ დვალიშვილი განსხვავებული უნარებითაა დაბადებული, ის, უბრალოდ, არ ჩერდება #1TVSPORT
ხორხე მასვიდალი - მერაბ დვალიშვილი განსხვავებული უნარებითაა დაბადებული, ის, უბრალოდ, არ ჩერდება #1TVSPORT

ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა რუსი პიოტრ იანის დამარცხების შემდეგ UFC-ში სერიოზული ყურადღება მიიქცია.

მიმდინარე წლის 12 მარტს მოპოვებული ისტორიული გამარჯვებით დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის რეიტინგში პირველ ადგილზე გადავიდა და მის წინ მხოლოდ ჩემპიონი, ალჯამეინ სტერლინგია.

ქართველის წარმატების შესახებ ძალიან ცნობილი პოდკასტერის, ჯო როგანის გადაცემაში UFC-ის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ვარსკვლავმა, ხორხე მასვიდალმა ისაუბრა.

„დვალიშვილი განსხვავებული უნარებითაა დაბადებული, ის, უბრალოდ, არ ჩერდება. უკანასკნელი ბრძოლის დროს მან 49-ჯერ სცადა იანის წაქცევა. მერაბი მეტოქეებს იქამდე ურტყამს, სანამ ბოლომდე არ დაღლის, თავადაც იღლება, მაგრამ არა მათზე მეტად. მასთან დასვენების საშუალება საერთოდ არ გაქვს“, – ამბობს მასვიდალი.

მერაბთან დაკავშირებით საკუთარი აზრი ჯო როგანმაც დააფიქსირა.

„დვალიშვილს ე.წ. ემიგრანტის მენტალიტეტი აქვს. ყველამ ნახა ვიდეო, როგორ მუშაობდა ის მშენებლობაზე. ეს გამოცდილება მას ძალიან დაეხმარა, მწვერვალზე ასულიყო. ვფიქრობ, ქართველი მზადაა, ტიტულისთვის იბრძოლოს“, – განაცხადა როგანმა.

ამჟამად მერაბ დვალიშვილს UFC-ში ზედიზედ მოპოვებული ცხრა გამარჯვება აქვს. ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება ქართველის მომდევნო მეტოქე.