დენის ხომუტოვი 2019 წლიდან საფეხბურთო კლუბ „თელავს“ გაწვრთნის. ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
39 წლის უკრაინელი სპეციალისტი დასრულებულ სეზონში „გაგრას“ ავარჯიშებდა, გუნდი საქართველოს თასის ფინალში და პლეი-ოფში გაიყვანა. ხომუტოვმა დეკემბერში გუნდი დატოვა და გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინულ კლუბს ჩაიბარებდა. საბოლოოდ, დენის ხომუტოვი მაინც საქართველოში დაბრუნდა.
ხომუტოვი, დონეცკელია და სერგეი ბუბკას სახელობის ოლიმპიური რეზერვების უმაღლესი სასწავლებელი წარმატებით დაამთავრა. მოთამაშის კარიერა კი 1994 წელს, დონეცკის „შახტარის“ ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო. 2000 წლის შემდეგ უკრაინის სხვადასხვა გუნდებშიც ითამაშა: „პოლიგრაფტეხნიკა“ (ოლექსანდრია), „ზვეზდა“ (კიროვოგრადი), „ნივა“ (ვინიცა), „ოლიმპიკი“ (დონეცკი), „სტალი“ (ალჩევსკი), „სპარტაკი“ (სუმი), „უსკ რუბინი“ (დონეცკი), „ორლაინი“ (დონეცკი), „სმენა“ (ბელაია ცერკოვი).
მოთამაშის კარიერა დენის ხომუტოვმა დონეცკის „ოლიმპიკში“ დაასრულა და სამწვრთნელო საქმიანობა „ოლიმპიკის“ ფარმ-კლუბში, „უსკ რუბინში“ 2012 წელს დაიწყო, მერე კი იყო „ოლიმპიკის“ აკადემია, 2014 წლიდან 2016 წლამდე „ოლიმპიკის“ ასაკობრივი გუნდების (U-19 და U-21) მთავარი მწვრთნელი გახლდათ, ხოლო 2016/2017 წლის სეზონში „ოლიმპიკის“ ძირითად გუნდში მთავარი მწვრთნელის ასისტენტი. „გაგრაში“ 2017 წელს მუშაობდა და კლუბი სეზონის დასრულებისთანავე დატოვა.