ხოჭოლავას ტრავმა სერიოზული არ გამოდგა - „კოპენჰაგენი“ „ტრაბზონთან“ მოგებით ლიგის ჯგუფს მიუახლოვდა #1TVSPORT
დანიის ჩემპიონატზე ბოლო ტურში „რანდერსთან“ დათა ხოჭოლავას მიღებული ტრავმა სერიოზული არ გამოდგა. მან ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის პირველი მატჩი ჩაატარა – საქართველოს ნაკრების მცველი „კოპენჰაგენის“ ძირითად შემადგენლობაში იყო „ტრაბზონთან“ საშინაო მატჩში, რომელიც დანიის ჩემპიონმა 2:1 მოიგო.
„კოპენჰაგენმა“ მატჩი კარგად დაიწყო და უკვე მე-9 წუთზე ვიქტორ კლაესონის გოლით დაწინაურდა. დანიელებმა უპირატესობა მეორე ტაიმის დასაწყისშივე, 48-ე წუთზე, გაზარდეს. კუთხურიდან მოწოდებული ბურთი თავური დარტყმით შორეულ კუთხეში ლუკას ლერაგელმა გაიტანა.
თამაშის ბოლომდე „ტრაბზონსპორი“ დიდ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ამის მიუხედავად, თურქეთის ჩემპიონმა მეტოქის კართან რეალური საგოლე მომენტები ფაქტობრივად, ვერ შექმნა. თუმცა გოლი მაინც გაიტანა: 79-ე წუთზე, ანასტასიოს ბაკასეტასის შორიდან დარტყმული ბურთი დათა ხოჭოლავას მუხლში მოხვდა, მიმართულება შეიცვალა და კარში ისე წავიდა, რომ მეკარეს აღების შანსი არ ჰქონდა.
ხოჭოლავას გუნდი „ტრაბზონს“ გასვლაზე მცირე უპირატესობით ესტუმრება და ჩემპიონთა ლიგამდე დარჩენილი ერთი საფეხურის გავლას შეეცდება.