ხოჭოლავამ საუკეთესოებში ქართველები დაასახელა - ჩაკვეტაძე დიდ ფეხბურთს ითამაშებს
საქართველოს ნაკრებისა და დონეცკის „შახტარის“ მცველმა დათა ხოჭოლავამ საკლუბო „ინსტაგრამზე“ (Instagram) გამართულ გადაცემაში საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა და ბევრი ქართველი ფეხბურთელი საუკეთესოებში დაასახელა.
კითხვაზე – „საქართველოს ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონობას აირჩევთ თუ „შახტართან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებას?“ – 26 წლის ფეხბურთელმა უპასუხა:
„ – მოდით, პირველს ავირჩევ, რადგან „შახტარს“ ჩემპიონთა ლიგის მოგების მეტი შანსი აქვს. საქართველოს ნაკრებში ჩემი ყველაზე დიდი ოცნება ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრაა. ჩვენი ეროვნული გუნდი დიდ ტურნირებზე არასდროს გასულა, მაგრამ ახლა ძალიან კარგი შანსი აქვს. საამისოდ, საჭიროა ორი მატჩის მოგება, მაგრამ არ ვიცით, თამაშები როდის გაიმართება“, – ამბობს ხოჭოლავა.
მან ამ ეტაპზე საუკეთესო ორი ქართველი ფეხბურთელიც დაასახელა: „ყაზაიშვილს გამოვარჩევ, რომელიც ახლა ამერიკაშია. მასთან ერთად ექვსი წლიდან ვთამაშობ, ვიცი მისი ნიჭი და შესაძლებლობები. ასევე ჩაკვეტაძეს დავასახელებ, რომელიც ბელგიაშია და 19 წლის ასაკის ფეხბურთელის შეძენა გრანდებს სურთ. ვფიქრობ, მალე ჩაკვეტაძე ძალიან დიდ ფეხბურთს ითამაშებს“.
საქართველოს ნაკრებისა და დონეცკის „შახტარის“ მცველს ფეხბურთის ისტორიაში ხუთი საუკეთესო ცენტრალური მცველის დასახელება სთხოვეს, სადაც მალდინის, ნესტას, რამოსისა კანავაროს გარდა, ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი ალექსანდრე ჩივაძე დაასახელა.
ხოჭოლავამ ასევე შეადგინა სიმბოლური გუნდი იმ ფეხბურთელებიდან, ვისთანაც უთამაშია. ამ საიში საქართველოს ნაკრების სამი ფეხბურთელი შეარჩია – პიატოვი, სრნა, კაშია, რაკიცკი, ისმაილი, სტეპანენკო, მარლოსი, ჩაკვეტაძე, ყაზაიშვილი, ტაისონი, ტეიშეირა.