ხოჭოლავა ისევ საოპერაციოა - ის ნაკრებს ნოემბერშიც ვერ დაეხმარება #1TVSPORT
ხოჭოლავა ისევ საოპერაციოა - ის ნაკრებს ნოემბერშიც ვერ დაეხმარება #1TVSPORT

დანიის სუპერლიგაში დავით ხოჭოლავას „კოპენჰაგენი” „რანდერსს“ სტუმრად დაუპირისპირდა და 4:2 დაამარცხა.

„კოპენჰაგენის“ განაცხადში არ იყო დავით ხოჭოლავა. როგორც გაირკვა, ქართველი მცველი ისევ ტრავმირებულია. ამის შესახებ გამოცემა Copenhagen Sundays-ი იუწყება. ისიც გაირკვა, რომ მცველი საქართველოს ნაკრებს ნოემბრის შეხვედრებში ვერ დაეხმარება, რადგან ბოლო შვიდ თვეში მესამე ოპერაცია დასჭირდა.

„დავით ხოჭოლავა „კოპენჰაგენის“ შემადგენლობაში გასულ შაბათს დაბრუნდა, „ჰვიდოვრესთან“ 60 წუთი ითამაშა და შესანიშნავად გამოიყურებოდა, მაგრამ მას „რანდერსთან“ არ უთამაშია და მისი უიღბლობაც არ სრულდება. ბოლო თვეების განმავლობაში „კოპენჰაგენის“ მცველმა ტრავმების გამო რთული პერიოდი გადაიტანა და ახლა ისევ დაშავდა.

ეს მცირე ტრავმაა და არაფერი აქვს საერთო მუხლის ტრავმასთან, რომელმაც ექვსი თვის განმავლობაში შეაჩერა. ჯერჯერობით უცნობია, იქნება თუ არა ხოჭოლავა ოთხშაბათს „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მატჩისთვის მზად. კოპენჰაგენში მისი მდგომარეობის შესახებ ოფიციალურად არაფერს ამბობენ“, – წერს Copenhagen Sundays-ი.

Geo Team-ის ცნობით, დავით ხოჭოლავა ნოემბრის სანაკრებო მატჩებს გამოტოვებს: „ხოჭოლავას მუხლზე მცირე ოპერაცია ჩაუტარდება, რის გამოც ორი კვირით დაისვენებს, შესაბამისად, ნოემბრის სანაკრებო მატჩებს შოტლანდიისა და ესპანეთის წინააღმდეგ გამოტოვებს. ეს ოპერაცია არაა გამოწვეული მუხლის დაზიანებით, თუმცა ფეხბურთელს მცირე ქირურგიული ჩარევა მაინც დასჭირდება“.