ხოჭოლავა და „კოპენჰაგენი“ დანიის თასის მეოთხედფინალში გავიდნენ #1TVSPORT
დათა ხოჭოლავამ „კოპენჰაგენში“ დანიის თასის 1/8-ფინალში ძალიან რთული და დაძაბული მატჩი ჩაატრა „ტისტედთან“, რომელიც საბოლოოდ მისი გუნდის დამარჯვებით დასრულდა 3:1.
საქართველოს ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა 120 წუთი. დანიის ჩემპიონის მეტოქე რანგით მე-2 დივიზიონის ერთ-ერთი აუტსაიდერი იყო, მაგრამ „ტისტედმა“ ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს დიდი წინააღმდეგობა გაუწია – „კოპენჰაგენი“ 22-ე წუთზე ორი-სტეინ ოსკარსონმა დააწინაურა, მაგრამ 38-ე წუთზე მასპინძელთა ნახევარმცველმა იონას ჰანსენმა წონასწორობა აღადგინა და ძირითადი დრო 1:1 დასრულდა.
„კოპენჰაგენმა“ მეტოქეს გადამწყვეტი დარტყმა დამატებულ დროში მიაყენა. მატჩის გმირი შეცვლაზე შესული ანდრეას კორნილიუსი გახდა, რომელმაც სტუმრები მე-100 წუთზე წინ გაიყვანა, ხოლო 103-ე წუთზე დუბლი შეასრულა და „კოპენჰაგენის“ უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა.
„ტისტედს“ ჩამორჩენის დასაძლევად არც კლასი ეყო, არც ძალა და საბოლოოდ, „კოპენჰაგენმა“ და დათა ხოჭოლავამ 3:1 მოიგეს და დანიის თასის 1/4-ფინალში გავიდნენ.