ხობსა და სამტრედიაში საფეხბურთო ცენტრების მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება #1TVSPORT
დასავლეთ საქართველოში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს, რომლებიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა პირველ ვიცე-პრეზიდენტთან, კახა ჭუმბურიძესთან ერთად მოინახულა.
ფედერაციის ხელმძღვანელები სამტრედიას და ხობს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად ესტუმრნენ. სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, სამტრედიის ტექნიკურ ცენტრში ორი სტანდარტული ზომის მოედანი მოეწყობა, აშენდება გასახდელები, ტრიბუნა და დამონტაჟდება განათება.
ხობის ტექნიკური ცენტრის მშენებლობის ფარგლებში მოეწყობა ერთი სტანდარტული ზომის მოედანი ტრიბუნით, გასახდელებითა და განათებით. სამტრედიაში პროექტი უეფა-ს პროგრამა „ჰეთთრიკისა“ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით ხორციელდება. ხობში კი მშენებლობას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან ერთად აფინანსებს.
საფეხბურთო ცენტრების მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლოსთვის დასრულდება.