ხობის „კოლხეთმა“ „ვარკეთილი“ დაამარცხა და კვლავ ეროვნულ ლიგა 2-ში ითამაშებს #1TVSPORT
ხობის „კოლხეთმა“ „ვარკეთილი“ დაამარცხა და კვლავ ეროვნულ ლიგა 2-ში ითამაშებს #1TVSPORT

ეროვნული ლიგა 2-ის პლეი ოფის განმეორებით დაპირისპირებაში ხობის „კოლხეთმა“ „ვარკეთილს“ 1:0 მოუგო და ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.

ამ გუნდებს შორის თბილისში გამართული პირველი მატჩი 0:0 დასრულდა და გამარჯვებული ხობში გამოვლინდა. თამაში „პაატა თათარიშვილი არენაზე“ მოედნის საფარის ცუდი მდგომარეობის გამო დაგვიანებით დაიწყო.

მინდვრის საფარი ფეხბურთელებს შეტევების განვითარებაში ხელს ძალიან უშლიდა და გულშემატკივარმა ფეხბურთზე მეტად ორთაბრძოლები იხილა. პირველი ტაიმი ორივე გუნდმა ფრთხილად წარმართა და გოლის გარეშე დაასრულა.

მეორე ტაიმში ხობის „კოლხეთმა“ უპირატესობა მოიპოვა. მოედნიდან გამომდინარე, ტაქტიკაც უფრო სწორად შეარჩია და მომენტებიც შექმნა, მაგრამ მათ რეალიზაციას ვერ ახერხებდა. მსაჯის მიერ დამატებულ მეოთხე წუთზე სწრაფი კონტრშეტევა ოთარ ტორაძემ განავითარა, მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა გიგა წურწუმიამ კი გოლი გაიტანა და „კოლხეთს“ გამარჯვება მოუტანა.

ორი შეხვედრის ჯამში ხობელებმა 1:0 მოიგეს (0:0, 1:0) და ახალ სეზონში კვლავ ეროვნულ ლიგა 2-ში ითამაშებენ.