ხოაკინ კაპაროსი სომხეთ-საქართველოს მატჩზე - მოედანზე თანაბარი ბრძოლა იყო
ხოაკინ კაპაროსი სომხეთ-საქართველოს მატჩზე - მოედანზე თანაბარი ბრძოლა იყო

11 ოქტომბერს, უეფას ერთა ლიგის C-მეორე ჯგუფის მესამე ტურის სომხეთი-საქართველოს (2:2) მატჩის შემდეგ, პოლონეთის ქალაქ ტიხის სტადიონზე გაიმართა სომხეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ხოაკინ კაპაროსის პრესკონფერენცია.

– პრინციპში, მოედანზე თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა. კარგად დავიწყეთ, ჩვენს მეტოქეებსაც ჰქონდათ კარგი შანსები. ეს იყო ორი თანაბარი გუნდის თამაში.

– საქართველოს ნაკრებმა რამით გაგაკვირვათ თუ ისე ითამაშა, როგორც მოელოდით?

– საქართველოს ნაკრები ძალიან კარგი გუნდია, მასში ძლიერი მოთამაშეები არიან, მაგრამ მათი თამაში არ გამკვირვებია.

– თქვენი აზრით, რა არის იმის მიზეზი, რომ მეორე ტაიმის გარკვეული ნაწილი უფრო ცუდად ჩაატარეთ, ვიდრე პირველი?

– ფეხბურთში არის მოწინააღმდეგე, რომელიც ზეწოლას გიწევს და სირთულეებს ქმნის. მეორე ტაიმში მეტოქემ გოლის გასატანად ჩვენზე ნაკლები მომენტი შექმნა (?!), მაგრამ ჩვენი კარის აღება ორჯერ მაინც მოახერხა.

– დღევანდელი შედეგების შემდეგ (ესტონეთმა სახლში ჩრდილოეთ მაკედონიასთან 3:3 დაასრულა), როგორც ჩანს, ესტონეთის ნაკრებთან თამაშის მოგება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. იმის გათვალისწინებით, რომ თამაში საკმაოდ დამღლელი გამოდგა, შემდეგ მატჩში ესტონეთთან ცვლილებებს თუ გეგმავთ?

– დაველოდოთ და ვნახოთ, რა მდგომარეობაში იქნებიან ფეხბურთელები. გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებთ.