ხმის მიცემა დაიწყო - შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელის წოდებისთვის იბრძვის #1TVSPORT
გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელის ტიტულის მოსაგებად იბრძვის.
საუკეთესო მოთამაშეს გამოავლენს გამოკითხვა, რომელშიც მონაწილეობას ესპანეთის პირველობის („ლიგა ენდესა“) მოთამაშეები, მწვრთნელები, ფანები და ჟურნალისტები მიიღებენ. ლიგის ხელმძღვანელობამ მოთამაშეები სამ პოზიციაზე გაანაწილა – უკანახაზელები (20 მოთამაშე), შუახაზელები (25) და წინახაზელები (25).
ფანების გამოკითხვა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ხმის მიცემა, 27 აპრილს დაიწყო და 14 მაისამდე გაგრძელდება. ზემოთ ნახსენები ოთხი სეგმენტიდან თითოეულს (მოთამაშეები, მწვრთნელები, ჟურნალისტები, ფანები) 25-პროცენტიანი ძალა აქვს. შესაბამისად, საუკეთესო მოთამაშე გამოვლინდება საერთო ჯამში მიღებული ხმების (პროცენტების) მიხედვით.
გამოკითხვა წარმოებს Instagram-ისა Tweeter-ის გვერდებზე. ხმის მიცემისთვის უნდა შეხვიდეთ აღნიშნულ სოცქსელებში ან ესპანეთის ჩემპიონატის ოფიციალურ გვერდზე (ACB.COM) და შესაბამისი გამოკითხვის ბანერის ქვეშ დაწეროთ კომენტარი #MVPMovistar Giorgi Shermadini. გამოკითხვაში მონაწილეობენ ასევე საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელები – თად მაკფადენი და კონერ ფრენკამპი. გამოკითხვა იწარმოებს ასევე ესპანური ლიგის სპეციალურ აპლიკაციაში, რომლის ჩამოტვირთვაც როგორც ანდროიდის, ისე IOS-ის მომხმარებლებს ტელეფონიდან შეგეძლებათ.
გიორგი შერმადინი მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტჯერ – 13-ჯერ გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე, სამჯერ ტურის MVP, ხოლო თვის საუკეთესო კალათბურთელის ტიტული სამჯერ – ოქტომბერში, იანვარში და მარტში მოიგო. საერთო სარგებლიანობის ინდექსით, რითაც მატჩის საუკეთესო მოთამაშეს ავლენენ, შერმადინი ლიგაში პირველ ადგილზეა და დამაჯერებლად უსწრებს მდევარ ონდრეი ბალვინს.
თითო ხმა ორად ჩაითვლება „ლიგა ენდესას“ მიერ სპეციალურად შერჩეულ პერიოდში – 6-დან 11 მაისის ჩათვლით, დღის 15:00-17:00 საათებშია.