ხელვაჩაურში გამართულ აქციაზე პოლიციის მიერ ოთხი პირის დაკავება გააპროტესტეს
ხელვაჩაურში სხვადასხვა ბრალდებით დღეს ოთხი პირი დააკავეს. დაკავებულები ერთმანეთის მეზობლები არიან. ახლობლები ამტკიცებენ, რომ სამართალდამცველებს მათი დაკავების მიზეზები არ განუმარტავთ. მათ პოლიციის სამმართველოსთან აქცია გამართეს.
„არ აუხსნიათ, რატომ დააკავეს, საბუთი მერე გვაჩვენეს, როცა მანქანაში ჩატენეს და წაიყვანეს. ბავშვების თვალწინ წივილ-კივილით მოხდა მისი აყვანა. არ აუხსნეს, რას ედავებოდნენ“, – განაცხადა ერთ-ერთი დაკავებულის ახლობელმა ნაირა ზოიძემ.
აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ეს პირები პოლიციას ადრეც დაუკავებია, თუმცა მათ მალევე ათავისუფლებდნენ.
„მათი დაკავების ეს მეოთხე შემთხვევაა და ოთხივეჯერ გამართლებით გამოვიდნენ. მოდიან და გვავიწროებენ მე და ჩემს მეგობრებს, არასდროს გვიხსნიან, რა უნდათ. მეზობლები არიან, ერთ კორპუსში ვცხოვრობთ ყველა. მერე იტყვიან, ადმინისტრაციულით დაგაკავეთო და სასამართლო გვიშვებს“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი ზაზა პაპიძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფთან ორი საათის განმავლობაში არ შეუშვეს.
„ორი საათის განმავლობაში არ მომცეს საშუალება, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს შევხვედროდი. მოვითხოვ, დაიწყოს გამოძიება ადვოკატისთვის ხელის შეშლის ფაქტზე. როგორც გავიგეთ, ხულიგნობაზე არიან დაკავებული“, – განაცხადა ზაზა პაპიძემ.
როგორ შს სამინისტროში აცხადებენ, ორი პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს, მათ ხულიგობას ედავებიან, რომელიც მარტის დასაწყისში მოხდა.
უწყების განმარტებით, კიდევ ორი პირის დაკავება სხვა ფაქტს უკავშირდება. საუბარია პოლიციელებისადმი წინააღმდეგობის გაწევაზე.