ხელბურთი | ცხოვრებაძე კარიერას გერმანულ „გუმერსბახში“ გააგრძელებს #1TVSPORT
ქართველი ხელბურთელი გიორგი ცხოვრებაძე კარიერას კლუბ „გუმერსბახში“გააგრძელებს. 22 წლის სპორტსმენმა გერმანულ კლუბთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა და გუნდს მომავალი სეზონიდან შეუერთდება.
„გიორგი საოცარი მოთამაშეა, რომელიც ნამდვილად გამოირჩევა ათლეტურობითა და ტექნიკით. ჩვენ მას დიდი ხანია ვაკვირდებით და გვიხარია, რომ ისეთი მოთამაშე გავიფორმეთ, რომლის სახელიც აუცილებლად ყველამ უნდა დაიმახსოვროს“, – განაცხადა გერმანული გუნდის მენეჯერმა, კრისტოფ შინდლერმა.
„გიორგი გუნდს, როგორც ტალანტი და ამბიციური მოთამაშე ძალიან გააძლიერებს. იგი საოცარი მოთამაშეა. კარგად შეუძლია თამაშის გამწვავება და ძალიან მაღალი ნახტომი აქვს. მისგან ძალიან ბევრს ველით“, – აცხადებს გუნდის მთავარი მწვრთნელი და ხელბურთის ლეგენდა გუდიონ ვალურ სიგურსონი.
„გუმერსბახში თამაში ბევრი მიზეზის გამო გადავწყვიტე. პირველ რიგში, ამ კლუბს უდიდესი ისტორია და ტრადიციები გააჩნია, შესაბამისად, ჩემთვის დიდი პატივია ამ მაისურის მორგება. გუნდი ძალიან ახალგაზრდულია და აქვს შანსი, რომ ბევრ წარმატებას მიაღწიოს ევროპის ერთ-ერთ გამორჩეულ ჩემპიონატში. მიხარია, რომ ცხოვრების მნიშვნელოვან მონაკვეთს აქ გავატარებ და ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ ერთად წარმატებული სეზონები გვქონდეს“, – განაცხადა გიორგი ცხოვრებაძე.
„გუმერსბახი“ ხელბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდია (25-ზე მეტი გერმანული ან საერთაშორისო ტიტული). გუნდი ბუნდესლიგის 12-გზის ჩემპიონია, ხოლო გერმანიის თასი ხუთჯერ აქვს მოგებული. შეგახსენებთ, რომ გიორგი ცხოვრებაძე ჯერ კიდევ 16 წლის იყო, როდესაც მონპელიეს აკადემიას შეუერთდა. 2021-22 წლების სეზონში იგი განათხოვრებული იყო EHF თასის მონაწილე გუნდ „პფადი ვინტერტურში“ და რეგულარულად გამოდიოდა გუნდის ძირითად შემადგენლობაში მონპელიეში დაბრუნებამდე. გიორგი საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა, რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩში უნგრეთის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოგვაპოვებინა და გუნდს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრაში დაეხმარა. გარდა ამისა, იგი საკვალიფიკაციო ეტაპის ბომბარდირი გახდა 42 გოლით.