საქართველოში სტუმრად მყოფმა მილანის „ინტერის“ ლეგენდარულმა არგენტინელმა კაპიტანმა და კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა, ხავიერ ძანეტიმ ქართულ მედიასთან შეხვედრაზე ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
„„ნაპოლიმ“ დაიმსახურა, რომ იტალიის ჩემპიონატში პირველ ადგილზე იყოს. ლუჩანო სპალეტის გუნდი ბრწყინვალე თამაშს აჩვენებს და თუ ჩემპიონი გახდება, ეს დამსახურებული წარმატება იქნება.
რას ვურჩევდი ბავშვებს? არასოდეს შეწყვიტონ ოცნება და ბოლომდე სპორტული ღირებულებებით იცხოვრონ. მე სწორედ ასეთმა დამოკიდებულებამ ჩამომაყალიბა – ფეხბურთის თამაშის დიდმა სურვილმა. სულ წინსვლას ვცდილობდი და მინდოდა, ვარჯიშზე თუ თამაშზე მაქსიმალურად დავხარჯულიყავი.
ქართველებიდან კარგად ვიცნობ კალაძეს, რომლის წინაააღმდეგაც ბევრჯერ მითამაშია. ახლა ვხედავთ, როგორ თამაშობს კვარაცხელია „ნაპოლიში“. კონკრეტულ სახელებზე საუბარი არ მიყვარს, მაგრამ ჩანს, რომ ქართული ფეხბურთი ვითარდება.
რაც შეეხება საქართველოში ახალგაზრდული ვეროპის ჩემპიონატის გამართვას, ეს დიდი გამოწვევაა და ქვეყანაში ფეხბურთის დონის გაზრდას ხელს შეუწყობს“, – ამბობს ხავიერ ძანეტი.