ხატია მოისწრაფიშვილი - პრეზიდენტი გმობს ნებისმიერ ფსიქოლოგიურ ძალადობას ადამიანის მიმართ, მნიშვნელობა არ აქვს ეს ქალის მიმართ არის თუ მამაკაცის მიმართ
ხატია მოისწრაფიშვილი - პრეზიდენტი გმობს ნებისმიერ ფსიქოლოგიურ ძალადობას ადამიანის მიმართ, მნიშვნელობა არ აქვს ეს ქალის მიმართ არის თუ მამაკაცის მიმართ

პრეზიდენტი გმობს ნებისმიერ ფსიქოლოგიურ ძალადობას ადამიანის მიმართ, მნიშვნელობა არ აქვს ეს ქალის მიმართ არის თუ მამაკაცის მიმართ, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა ჟურნალისტების კითხვას მაია ცქიტიშვილის მიერ ეკა ბესელიაზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.

„საქართველოში პირადი ცხოვრების უფლება უნდა იყოს დაცული უპირობოდ. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი გმობს ბულინგის ნებისმიერ გამოვლინებას. თქვენ იცით, რომ თავადაც არაერთხელ ყოფილა ფსიქოლოგიური ზეწოლის და ძალადობის მსხვერპლი. შესაბამისად, მას ძალიან კარგად ესმის ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის მდგომარეობა. სალომე ზურაბიშვილი ეწინააღმდეგება ქალების და არა მხოლოდ ქალების მიმართ განხორციელებულ ნებისმიერი ფორმით ფსიქოლოგიურ ძალადობას, ზეწოლას და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამ საკითხებთან დაკავშირებით, რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, შესაბამისი მიმართულების მრჩეველი უკვე მუშაობს.

პრეზიდენტი გმობს ნებისმიერ ფსიქოლოგიურ ძალადობას ადამიანის მიმართ, მნიშვნელობა არ აქვს ეს ქალის მიმართ არის თუ მამაკაცის მიმართ. პირადი ცხოვრების უფლება უნდა იყოს დაცული და ფსიქოლოგიური ზეწოლა უნდა იყოს გამორიცხული“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ დეპუტატ ეკა ბესელიას მხრიდან მის პირად ცხოვრებაზე, პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოკადრებზე საუბარი უკვე ძალიან დამღლელია. „დამღლელია ძალიან უკვე ეკა ბესელიას მხრიდან მის პირად ცხოვრებაზე, პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოკადრებზე საუბარი და მუდმივად ამის დღის წესრიგში დაყენება. პირველი, რასაც აუცილებლად ვიტყვი არის ის, რომ შესაბამისი პასუხი ამ ყველაფერს გაეცა, ჰქონდა გამოძიებას საშუალება, მასაც ჰქონდა საშუალება, გამოძიებისთვის მიეწოდებინა მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია, ყველაფერი დანარჩენი არის მორიგი მცდელობა მისი მხრიდან, რომ იყოს ახალი ამბების დღის წესრიგში“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ამასთან, დღეს მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ ეკა ბესელიაზე მისი კომენტარი არაეთიკურად არ მიაჩნია.