ხატია დეკანოიძე - პოლიტსაბჭომ განსაზღვრა „ნაციონალური მოძრაობის“ ნება, რომ რიგგარეშე არჩევნები უნდა იყოს 2021 წელს
ხატია დეკანოიძე - პოლიტსაბჭომ განსაზღვრა „ნაციონალური მოძრაობის“ ნება, რომ რიგგარეშე არჩევნები უნდა იყოს 2021 წელს

„ნაციონალური მოძრაობის“ ნება განსაზღვრა პოლიტსაბჭომ, დავამტკიცეთ, რომ რიგგარეშე ვადამდელი არჩევნები უნდა იყოს 2021 წელს, – აცხადებს პარტიის წარმომადგენელი ხატია დეკანოიძე.

ხატია დეკანოიძემ კომენტარი გააკეთა „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერ მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე, რომ რეალისტურად მიაჩნიათ, პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით 2022 წლის გაზაფხულზე ჩატარდეს.

„მამუკა ხაზარაძეს და სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას აქვთ სრული უფლებამოსილება და ლეგიტიმაცია, გააკეთონ ნებისმიერი განცხადება, მათ შორის, ისაუბრონ ნებისმიერ ვადებზე, რომელიც მათთვის მისაღებია. დიდი პატივისცემა ჩემგან „ლელოს“ და ბატონ მამუკა ხაზარაძეს, მაგრამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ნება არის განსაზღვრული ჩვენი ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის ორგანოთი, ეს არის პოლიტსაბჭოს სხდომა. სხდომაზე დავამტკიცეთ, რომ რიგგარეშე ვადამდელი არჩევნები უნდა იყოს 2021 წელს.

ჯერჯერობით, ვფიქრობ, ვადებზე საუბარი არის ნაადრევი, რადგან „ქართული ოცნება“ არ მოსულა რაიმე კომპრომისული წინადადებით. „ქართულ ოცნებას“ არ განუხილავს ჩვენი არც ერთი წინადადება, გარდა იმისა, რომ ფსევდოოპოზიციასთან განიხილა რაღაც საარჩევნო მემორანდუმი, რომელსაც მე არ ვანიჭებ დიდ მნიშვნელობას.

მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გადმოდგას ნაბიჯი, მას უფრო დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება, ვიდრე ოპოზიციას და საქართველოს მოქალაქეებს. ამიტომ, შესაბამისად, ამ ვადებზე საუბარი, ვიდრე „ქართული ოცნება“ არ მოვა კონკრეტული წინადადებით, მე მიმაჩნია, უბრალოდ არაფრისმომტანია.

თუმცა როგორც ნებისმიერ პარტიას, ბატონ მამუკასაც აქვს თავისი შეხედულება და ეს შეხედულება მას შეუძლია, ნებისმიერი არგუმენტაციით გამოხატოს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.