ხატია ჭყონია გუნდის და საკუთარ წარმატებაზე - ეს ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტმა“ სპეციალურ გადაცემაში წლის ნომინანტები გამოავლინა. წლის აღმოჩენა უდავოდ საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ იყო. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგაზე გამოვიდა, ორი ეტაპი გადალახა და ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში პირველად, ტურნირის 32 საუკეთესო კლუბს შორის მოხვდა.
გუნდის ლიდერი კი თავდამსხმელი ხატია ჭყონია იყო, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის 4 მატჩში 3 გოლი გაიტანა და გუნდის წინსვლაში უდიდესი როლი ითამაშა.
„წელს „ლანჩხუთმა“ ისტორიული შედეგი აჩვენა და ამის გამო ძალიან ბედნიერი ვარ. მინდა მადლობა გადავუხადო გუნდს, მწვრთნელს. ამ წარმატებისთვის ყველა თავდაუზოგავად ვშრომობდით. მადლობა გულშემატკივარს, რომელიც ყოველთვის მხარს გვიჭერდა“, – ამბობს ხატია ჭყონია.
ფეხბურთის ფედერაციის წლის დაჯილდოებაზე „ლანჩხუთის“ თავდამსხმელი წლის ქალი ფეხბურთელი და წლის ქართული გოლის ავტორი გახდა:
„ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამავე დროს, წლის გოლის ავტორიც გავხდი, რაც ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო. ამის გამო ბედნიერი ვარ და მადლობა ყველას, ვინც საუკეთესოდ დამასახელა, მათ შორის, ფეხბურთის ფედერაციას. მინდა, რომ 2021 წელი იყოს განსაკუთრებული, ბედნიერების მომტანი და წარმატებული. ყველას გილოცავთ – ბედნიერები და ჯანმრთელები ყოფილიყავით“.