ხაშურის „ივერიასა“ და „გლდანის“ მატჩისას მოედანზე გულშემატკივრები შევარდნენ #1TVSPORT
ხაშურის „ივერიასა“ და „გლდანის“ მატჩისას მოედანზე გულშემატკივრები შევარდნენ #1TVSPORT

რეგიონური ლიგის მე-10 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, ხაშურის განახლებულ სტადიონზე ადგილობრივი „ივერია“ დაუპირისპირდა „გლდანს“, რომელიც ლიგის „ა“ ჯგუფის ლიდერი იყო, ხაშურის გუნდი კი სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილს იკავებდა.

ამიტომ, ეს მატჩი მეტად მნიშვნელოვანი იყო და ფეხბურთის ხაშურელი გულშემატკივარი გუნდის მხარდასაჭერად მივიდა. ეს იყო სტადიონის გახსნიდან მეორე მატჩი. მანამდე კი სტადიონი დიდი ხანი არ ფუნქციონირებდა.

„ივერია“-„გლდანის“ (V ლიგა) დაპირისპირებისას, ტრიბუნიდან მოედანზე ბოთლები ისროლეს. ბოთლის მოედნის გარეთ გადაგდების მცდელობისას „გლდანის“ მეკარემ ბოთლი მეტოქის ფეხბურთელს, სანდრო ხაჩიძეს მოარტყა, რასაც ხალხის მოედანზე შეჭრა და სერიოზული ინციდენტი მოჰყვა. ხაშურელი მოთამაშე საავადმყოფოში გადაიყვანეს. მატჩი კი 2:2-ზე შეწყდა.

„სამწუხაროდ, მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე ინციდენტი მოხდა. მოედანზე გადმოვარდა ბოთლი, რომელიც სტუმართა მეკარემ გაისროლა – ვერ ვიტყვი, რა ჩანაფიქრი ჰქონდა, მაგრამ ჩვენს 17 წლის ფეხბურთელს, სანდრო ხაჩიძეს თავში მოხვდა – მადლობა ღმერთს, გადარჩა და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ამის შემდეგ მოხდა ცუდი ამბავი – ხალხი მოედანზე გადმოვიდა. მაგრამ ერთი მინდა ვთქვა – სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაციები, რომ ხაშურში გაიმართა მუშტი-კრივი, ბრძოლა წესების გარეშე. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს არის ტყუილი. იქ არც ერთ ფეხბურთელს თითითაც არავინ შეხებია. ცუდი ფაქტია, რომ მაყურებელი გადმოვიდა, მაგრამ მადლობა პოლიციას და სტადიონის ადმინისტრაციას, რომელთა დახმარებითაც ამ ხალხმა მალე მშვიდად დატოვა მოედანი.

მსაჯი თამაშის გაგრძელებასაც აპირებდა. უბრალოდ, სანდრო ხაჩიძის მდგომარეობის გამო. თამაშის გაგრძელება მიზანშეუწონლად ჩათვალა“, – განაცხადა „ტვ ივერიასთან“ ხაშურის სტადიონის მენეჯერმა  ვახტანგ ჯაფარაშვილმა.