ხარაიშვილმა შვედეთში ისევ გაიტანა - აფრიკელებმა გოლი ქართული ცეკვით აღნიშნეს [ვიდეო]

გიორგი ხარაიშვილი „გიოტებორგს“ მორიგი სამი ქულის მოპოვებაში დაეხმარა. 23 წლის ქართველი ნახევარმცველი მშვენიერ ფორმაშია და შვედეთის ჩემპიონატში ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა.

„ალსვენსკანში“ (შვედეთის ჩემპიონატი) „გიოტებორგი“ აუტსაიდერ „სუნდსვალს“ ესტუმრა და 2:0 დაამარცხა. ხარაიშვილი გამარჯვებულთა ძირითად შემადგენლობაში იყო, 88 წუთი ითამაშა, 38-ე წუთზე კი მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ანგარიში გახსნა. საინტერესოა, რომ ხარაიშვილს „გიოტებორგის“ აფრიკელმა ლეგიონერებმა, კონგოელმა ტობი ნძუძიმ და ნიგერიელმა ალჰასან იუსუფმა გოლი ქართული ცეკვის ილეთით მიულოცეს.

ხარაიშვილმა, რომელიც ვლადიმირ ვაისმა მხოლოდ საქართველოს ნაკრების გაფართოებულ სიაში დაასახელა, მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 22 მატჩში ხუთი გოლი გაიტანა და შვიდი საგოლე გადაცემა გააკეთა.

„გიოტებორგი“ 41 ქულით მეხუთე ადგილზე დაწინაურდა და მესამეადგილოსან „მალმეს“ (44 ქულა) სამი ქულით ჩამორჩება – ქართველის გუნდი ევროსაგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს.

დატოვე კომენტარი