ხარაიშვილი ინდივიდუალურად ვარჯიშობს - შვედეთში მხოლოდ ბავშვები თამაშობენ
ხარაიშვილი ინდივიდუალურად ვარჯიშობს - შვედეთში მხოლოდ ბავშვები თამაშობენ

„გიოტებორგის“ ფეხბურთელები, სადაც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ხარაიშვილი თამაშობს, სეზონისთვის მზადებას აგრძელებენ, მაგრამ გუნდის ოფიციალური გვერდის ცნობით, ყველა ინდივიდუალურად ვარჯიშობს.

„გუნდმა ბოლო ერთობლივი ხანმოკლე ვარჯიში აპრილის დასაწყისში ჩაატარა. გუნდმა სამი ამხანაგური მატჩები აპრილის ბოლოს და მაისის დასაწყისში დაგეგმა. „გიოტებორგს“ საერთო ვარჯიში 20 აპრილს უნდა განეახლებინა, მაგრამ ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება ვერ მიიღეს. ამიტომ, ყველა მოთამაშე ინდივიდუალური გეგმით ემზადებოდა“ – წერს კლუბის ოფიციალური გვერდი და „გიოტებორგის“ მთავარი მწვრთნელის კომენტარსაც აქვეყნებს.

პოია ასბახი ვარაუდობს, რომ მოთამაშეები კონდიციებს ვერ შეინარჩუნებდნენ: „ჩვენ ჯერ ზუსტად არ ვიცით, შვედეთის ჩემპიონატი და თასის გათამაშება როდის დაიწყება. აპრილის დასაწყისში ფეხბურთელები ფიზიკურად ძალიან კარგ ფორმაში იყვნენ, რადგან შვედეთის ჩემპიონატის სტარტისთვის ვემზადებოდით. ახლა, რეალურად მოსამზადებელი პერიოდი თავიდან უნდა დავიწყოთ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ამ რთული ვითარებდიან რომ გამოვიდეთ“.

შვედეთი ევროპის ის იშვიათი ქვეყანაა, სადაც, კორონავირუსის მიუხედავად, მინიმალური შეზღუდვებია. 17 აპრილს შვედეთის თასის გათამაშების განახლებაც სურდათ, მაგრამ შვედეთის ფეხბურთის ასოციაციის დირექტორთა საბჭომ კლუბის მოთხოვნით თამაშები გადადო.

სკანდინავიელებმა საინტერესო გადაწყვეტილება მიიღეს 16, 17 და 19-წლამდელთა ტურნირებიზე – 2020 წლის სეზონი ჩატარდება ერთ წრედ, მატჩები პლეი ოფის სისტემით, ორ მატჩად გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ყველა შვედური კლუბი სტადიონზე ვარჯიშობს, ზოგი ინდივიდუალურად, ზოგიც ჯგუფურად. მაისის დასაწყისში „სირიუსი“, „ნორჩოპინგი“, „ჰამარბიუ“, „იურგორდენი“ და „ერებრუ“ შეთანხმდნენ, რომ ფორმის აღსადგენად 2 მაისიდან 30 მაისამდე ტურნირს გამართავდნენ და მატჩების განრიგიც შეადგინეს. თამაშები გულშემატკივრის გარეშე უნდა გამართულიყო, მაგრამ რეპორტაჟებზე ტელევიზიას შეუთანხმდნენ.

შვედეთის ფეხბურთის ასოციაციამ საკითხი განიხილა ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის ახალი დირექტივის საფუძველზე კლუბებს სთხოვა, რომ მატჩების ჩატარებაზე თავი შეეკავებინათ.

ამხანაგური მატჩები დაუშვეს მხოლოდ 2002 წელს ან შემდეგ დაბადებულ ფეხბურთელებისთვის, ამ შემთხვევაშიც არის შენიშვნა, რომ საფეხბურთო აკადემიებმა სხვა რეგიონში გამგზავრებას თავი აარიდონ.