ხარაიშვილი განაცხადში დაბრუნდა, აზაროვმა სადებიუტო მატჩი ჩაატარა, ზივზივაძემ ვერ გაიტანა #1TVSPORT
წარმატებული თამაშების შემდეგ ევროპაში მოთამაშე საქართველოს ნაკრების თავდამსხმელებმა უგოლო მატჩები ჩაატარეს. საფრანგეთის ლიგა 2-ში, გიორგი მიქაუტაძის „მეცმა“ შინ „დიჟონთან“ პენალტი ვერ გამოიყენა და 1:2 დამარცხდა. ქართველმა თავდამსხმელმა შეუცვლელად ითამაშა.
ბუდუ ზივზივაძემ, რომელიც უნგრეთის ჩემპიონატის წინა ტურებში ბრწყინავდა, ამჯერად, გოლი ვერ გაიტანა, ხოლო „ფეჰერვარი“ გასვლაზე „კიშვარდასთან“ 1:3 დამარცხდა. ხანგრძლივი რეაბილიტაციის შემდეგ „მეზოკოვეშდის“ განაცხადში მარცხენა მცველი ლუკა ლაკვეხელიანი იყო „ვაშაშთან“ (1:1) შეხვედრაში.
კიდევ ერთი ქართველის დებიუტი ახალ გუნდში სერბეთში შედგა. ბათუმის „დინამოდან“ წასულმა ირაკლი აზაროვმა სერბეთის სუპერ ლიგის მოქმედი გამარჯვებულის, „ცრვენა ზვეზდას“ შემადგენლობაში ითამაშა „იავორთან“ (4:1)მოგებულ შეხვედრაში – საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველი 63-ე წუთზე შეცვალეს.
2021 წლის 4 აპრილის შემდეგ „ფერენცვაროშის“ სამატჩო განაცხადში პირველად მოხვდა გიორგი ხარაიშვილი, რომელიც ტრავმით გამოწვეული დიდი პაუზის შემდეგ უნგრეთის ჩემპიონს დაუბრუნდა. მაგრამ გიორგის არ უთამაშია „ჰონვედთან“, რომელიც მისმა გუნდმა 3:1 მოიგო.