მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ხამეს როდრიგესმა, შესაძლოა, „ნაპოლიში“ გააგრძელოს კარიერა.
„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ, რომელიც „რეალსა“ და „ბაიერნში“ მუშაობდა კოლუმბიელ ნახევარმცველთან, 27 წლის ხამესი ამ ზაფხულს თავისი გუნდის მთავარ სატრანსფერო მიზნად დაისახა, – იტყობინება ესპანური გაზეთი „მარკა“ (Marca).
გამოცემის ინფორმაციით, ანჩელოტი დაუკავშირდა ფეხბურთელის აგენტს ჟორჟე მენდეშს. სატელეფონო საუბარში იურისტმა დაადასტურა, რომ როდრიგესი განიხილავს „ნაპოლის“ ვარიანტს.
უფრო ადრე “ბაიერნმა”, რომელშიც კოლუმბიელი ბოლო ორი წელი იჯარით გამოდიოდა, უარი თქვა “რეალიდან” ფეხბურთელის 42 მილიონ ევროდ გამოსყიდვაზე. მადრიდელები არ არიან დაინტერესებული როდრიგესის დაბრუნებით, ამიტომაც, სურთ ფეხბურთელის 60 მილიონად გაყიდვა.
2018-19 წლების სეზონში ხამეს როდრიგესმა “ბაიერნის” რიგებში 28 მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი პასი შეასრულა.