UFC 236 -ის მთავარი ბრძოლა მსუბუქ წონით კატეგორიაში გაიმართა. დასტინ პორიემ (25-5) ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი მაქს ჰოლოვეი (20-4) დაამარცხა და დროებით ტიტულს ბევრისთვის მოულოდნელად დაეუფლა.
ამით „ბრილიანტმა“ ჰოლოვეის ექვსბრძოლიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ფანის აზრით მსაჯებმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს, უნდა აღინიშნოს, რომ ჰოლოვეისთვის წონის შეცვლა საკმაოდ არაკომფორტული გამოდგა. პორიეს დარტყმის ძალა მეტოქისას გაცილებით აღემატებოდა. ალბათ სწორედ ეს გახდა მაქსის წაგების მთავარი მიზეზიც.
გამარჯვებულის გამოსავლენად ხუთი რაუნდის გამართვა გახდა საჭირო. ჰოლოვეიმ რამდენიმე რაუნდში მეტოქეს საგრძნობლად აჯობა და რამდენიმე ეპიზოდში პორიე ნოკაუტს გადაურჩა კიდეც, თუმცა ანალოგიურის თქმა ჰავაელ მებრძოლზეც შეგვიძლია.
პირველ რაუნდში ჰოლოვეიმ თავში რამდენიმე სერიოზული დარტყმა გაუშვა. საბოლოო ჯამში მსაჯებმა გამარჯვებულად დასტიმ პორიე დაასახელეს. მსუბუქი წონის მოქმედი ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგომედოვი ჰოლოვეის მარცხს ტვიტერის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსაჯებმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს. დაღესტნელის აზრით, ბრძოლა ფრედ უნდა დასრულებულიყო. პორიესა და ნურმაგომედოვის სატიტულო დაპირისპირება სავარაუდოდ ოქტომბერში გაიმართება.