ხაბიბ ნურმაგომედოვი აცხადებს, რომ თუ მისი გუნდის წევრს სამუდამო დისკვალიფიკაციას მისცემენ, აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატს (UFC) თავადაც სამუდამოდ დატოვებს. ხაბიბისა და კონორ მაკგრეგორის შეხვედრის შემდეგ, როდესაც ჩხუბი ოქტაგონის მიღმა გავრცელდა, მებრძოლმა ზუბაირა ტუხუგოვმა მაკგრეგორს დაარტყა. ამის შემდეგ, მისი ბრძოლა არტიომ ლობოვის წინააღმდეგ, რომელიც ოქტომბრის ბოლოს უნდა გამართულიყო, გაუქმდა.
ნურმაგომედოვს მიაჩნია, რომ მისი თანამემამულე სწორედ ამ მოვლენებში მონაწილეობისთვის ისჯება.
„თუ მას გარიცხავთ, მეც დამკარგავთ. ეს უნდა იცოდეთ“, – დაწერა ხაბიბმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე, – „არ მესმის, რატომ უნდა დაისაჯოს მხოლოდ ჩემი გუნდი, როდესაც ორივე გუნდმა იჩხუბა? ნურც ის დაგავიწყდებათ, რომ პირველმა კონორმა დაარტყა ჩემს მეორე მეგობარს“.
შეგახსენებთ, რომ კონორ მაკგრეგორსა და ხაბიბ ნურმაგომედოვს შორის დაპირისპირება დაღესტნელის გამარჯვებით დასრულდა.