ამ დროისთვის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონი კორონავირუსის პანდემიის გამო გაურკვეველი დროით არის შეჩერებული. ორგანიზაციაში დაბრუნების გზებზე მსჯელობენ. როგორც ცნობილი ხდება, იმ შემთხვევაში, თუ მიმდინარე წელს სეზონი განახლდება, კევინ დურანტი „ბრუკლინის“ დახმარებას ვერ შეძლებს.
31 წლის კალათბურთელი მოედანს, დიდი ალბათობით, მომდევნო რეგულარულამდე ვერ დაუბრუნდება. ინფორმაციას ამის შესახებ ადრიან ვოჟნაროვსკი ავრცელებს. წყაროს ცნობით, „ნეთსი“ კევინის დაბრუნების საკითხს ძალიან დიდი ყურადღებით ეკიდება და გარისკვას არ აპირებს.
შეგახსენებთ, რომ დურანტი გასული წლის პლეიოფში დაშავდა. „ტორონტოსთან“ გამართული ფინალური სერიის მეხუთე მატჩში მან მყესი დაიზიანა. საბოლოოდ, დურანტს ფეხზე ოპერაცია ჩაუტარდა. ტრავმას ის დღემდე მკურნალობს. გარდა ამისა, მარტში კევინმა კორონავირუსი გადაიტანა, თუმცა ახლა უკვე ჯანმრთელადაა.