კევინ დურანტი, დიდი ალბათობით, „ჰიუსტონთან“ სერიაში „ვორიორზს“ ვეღარ დაეხმარება
„გოლდენ სტეიტ ვორიორზი“ დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალურ სერიაში ანგარიშით 3-2 დაწინაურდა, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ მოქმედი ჩემპიონი საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია.
სერიის მეხუთე შეხვედრაში „ვორიორზის“ ლიდერმა კევინ დურანტმა ტრავმა მიიღო და მესამე მეოთხედში თამაშის დატოვება მოუწია. გუნდის მთავარი მწვრთნელის სტივ კერის განცხადებით, კევინი მომდევნო მატჩში, რომელიც ტეხასში გაიმართება, მონაწილეობას ნამდვილად ვერ მიიღებს.
როგორც ირკვევა, დურანტს მარჯვენა ფეხის წვივი აწუხებს. მას დამატებითი გამოკვლევა მომდევნო კვირას ჩაუტარდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კევინს სავარაუდოდ „ჰიუსტონთან“ დარჩენილი ორივე შეხვედრის გამოტოვება მოუწევს, რაც „როკეთსის“ შანსებს ერთი ორად ზრდის.