კევინ დე ბრუინმა გაიხსენა, რატომ არ სურდა მოურინიოს მისი „ჩელსიში“ ხილვა #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა გაიხსენა ჟოზე მოურინიოსთან იმ პერიოდის საუბარი, როცა ბელგიელი და პორტუგალიელი ერთად მუშაობდნენ „ჩელსიში“. იმ შეხვედრის შემდეგ ფეხბურთელი მიხვდა, რომ მას ლონდონური კლუბის ძირითადში ფეხის მოკიდების შანსი არ ჰქონდა.
„პრესაში ბევრს წერდნენ ჟოზე მოურინიოსთან ჩემს ურთიერთობაზე. სიმართლე იმაშია, რომ მას მხოლოდ ორჯერ ველაპარაკე. მისი გეგმა ყოველთვის იმაში მდგომარეობდა, რომ იჯარით სხვაგან გავეშვი. ჟოზემ დეკემბერში თავის ოფისში დამიბარა და ეს, ალბათ, მნიშვნელობით მეორე მომენტი იყო, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა. მის წინ რაღაც ქაღალდები ელაგა და მითხრა: „ერთი პასი, ნული გოლი, 10 ჩაჭრა“. ერთი წუთი დამჭირდა იმის მისახვედრად, საით მიჰყავდა საუბარი. შემდეგ მან სხვა შემტევი ნახევარმცველების სტატისტიკის კითხვა დაიწყო – ვილიანის, ოსკარის, მატასა და შურლესი. მათ დაახლოებით ხუთ-ხუთი გოლი და 10-10 პასი ჰქონდათ. ჟოზე ჩემს რეაქციას დაელოდა და ბოლოს მე ვთქვი: „მაგრამ ამ ბიჭებმა 15-20 მატჩი ითამაშეს, მე მხოლოდ სამი. ასე რომ, ყველაფერი შეიცვლება, ასე არ არის?“
ეს ძალიან მოულოდნელი იყო. ბოლომდე გულწრფელი ვიყავი. ვუთხარი: „ვგრძნობ, რომ კლუბს არ სურთ ჩემი აქ ყოფნა. მე ფეხბურთის თამაში მინდა, ამიტომაც, მირჩევნია გამყიდონ“. წასვლა გადავწყვიტე, რადგან ვგრძნობდი, რომ თამაშის არანაირი შანსი არ მქონდა. ვერ ვხედავდი ახალ შესაძლებლობებს, ამიტომაც ჩემთვის საუკეთესო გადაწყვეტილება „ჩელსის“ დატოვება და ყველაფრის სუფთა ფურცლიდან დაწყება იყო. ველოდი თუ არა, რომ ყველაფერი სწორედ ასე მოხდებოდა? ალბათ, არა, რადგან იმ დროს ეს იყო ყველაზე დაბალი წერტილი ჩემს კარიერაში, თუმცა, ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი არასოდეს შემპარვია“, – განაცხადა დე ბრუინმა.
ბელგიელი ნახევარმცველი „ჩელსიში“ 2012 წელს, 8 მილიონ ევროდ „გენკიდან“ გადავიდა, თუმცა, ამ გუნდში მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა.
2015 წელს, დე ბრუინი „მანჩესტერ სიტიში“ აღმოჩნდა, რომელთან ერთად ცხრა ტიტული აქვს მოგებული.