კევინ დე ბრუინი - ჩემპიონთა ლიგისა და ინგლისის თასის მოგებას შევეცდებით
„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა კევინ დე ბრიუნმა „ლივერპულს“ პრემიერლიგის ჩემპიონობა მიულოცა და საკუთარი გუნდის წლევანდელი გამოსვლა შეაჯამა.
„უნდა მივულოცოთ „ლივერპულს“, რადგან ამ სეზონში ისინი ჩვენზე უკეთესები იყვნენ და ეს გამარჯვება დაიმსახურეს. რაც შეეხება ჩვენს გუნდს, მეორე ადგილი წელს მშვენიერი შედეგია, თუმცა ამაზე არ გავჩერდებით. წინ ჩემპიონთა ლიგა და ინგლისის თასის მატჩებია და თუ ამ ტურნირებს მოვიგებთ, სეზონი ფანტასტიკური გამოდგება“, – განაცხადა 28 წლის ბელგიელმა ინტერვიუში „ჩელსისთან“ გასვლითი მატჩის შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ მანჩესტერელებმა 31-ე ტურის მატჩში, რომელიც „სტემფორდ ბრიჯზე“ გაიმართა, 1-2 წააგეს, რის შედეგადაც „ლივერპულმა“ სეზონის დასრულებამდე შვიდი ტურით ადრე გაინაღდა ჩემპიონობა.