გიგა ჭიკაძის გუნდელი კელვინ გასტელუმი მომდევნო ბრძოლას 18 ივლისს გამართავს. მექსიკელის მეტოქე ჯეკ ჰერმანსონი იქნება. დიდი ალბათობით, საშუალო წონითი დივიზიონის (middleweight) ძალიან საინტერესო დაპირისპირება „საბრძოლო კუნძულზე“ (Fight Island) შედგება.
აღნიშნული ინფორმაცია არაერთმა ავტორიტეტულმა გამოცემამ დაადასტურა (mmafighting, mmajunkie, ESPN).
კელვინ გასტელუმი აქამდე ტრავმას მკურნალობდა და რეაბილიტაციის პერიოდი ჰქონდა. ბოლო ორი ბრძოლა მან ისრაელ ადესანიასთან და დარენ ტილთან წააგო.
საინტერესოა, რომ მაისში გასტელუმმა სწორედ ჰერმანსონთან დაპირისპირება ისურვა.
„ჩემი აზრით ჯეკ ჰერმანსონთან ბრძოლა ძალიან ლოგიკური იქნებოდა ამ ეტაპზე. ჩვენ ორივე წინა ბრძოლაში დავმარცხდით. ის ტოპ ხუთ მებრძოლს შორის არის. გამარჯვება ორივეს ძალიან კარგ პოზიციაში დაგვაყენებს. ეს სწორედ ის არის რაც ორივეს გვჭირდება.” – განაცხადა გასტელუმმა მაისში „ი-ეს-ფი-ენ“-ისთვის (ESPN) მიცემულ ინტერვიუში.
ჯეკ ჰერმანსონმა ბოლო ბრძოლა 2019 წლის სექტემბერში ჯარედ კანონიერთან დათმო. მანამდე კი „ჯოკერს“ ზედიზედ ოთხი დაპირისპირება ჰქონდა მოგებული.