„კაზანფირსტ“ - ყაზანელები ქართველებს „ზენიტის“ ფეხბურთელის გამო არ გაწირავენ
„კაზანფირსტ“ - ყაზანელები ქართველებს „ზენიტის“ ფეხბურთელის გამო არ გაწირავენ

რუსულ მედიაში გავრცელებულ ცნობებს, რომ ყაზანის „რუბინი“ ქართველი ფეხბურთელების – ზუკა დავითაშვილისა და ხვიჩა კვარაცხელიას პოზიციაზე „ზენიტის“ შემტევ ნახევარმცველს, ოლეგ შატოვს იწვევს, გამოცემა „კაზანფირსტ“- საეჭვოდ მიიჩნევს.

შატოვი რუსეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელია, რომელსაც კონტრაქტი „ზენიტთან“ ზაფხულში ეწურება. რუსული მედიის ცნობით, მისდამი „რუბინის“ ინტერესი ბუნებრივია.

თუმცა, გამოცემა „კაზანფირსტ“ შატოვის ყაზანურ კლუბში გადასვლის პერსპექტივას ნაკლებად სავარაუდოს უწოდებს და მიზეზად ყაზანური გუნდის გაუარესებულ ფინანსურ მდგომარეობას ასახელებს – „რუბინს“ თათრეთის რესპუბლიკა ნავთობიდან მიღებული შემოსავლებით აფინანსებს, ბოლო დროს კი ნავთობზე ფასი კატასტროფულად დაეცა.

„ახლა უკვე სრულიად გაუგებარია, სეზონის ბოლოს „რუბინში“ როგორი ფინანსური მდგომარეობა იქნება. საფეხბურთო კლუბისთვის დაფინანსების შემცირებას 70 პროცენტით აპირებენ. ამის გათვალისწინებით, შესაძლოა, მთავარი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი და სხვა მრავალი ლიდერი გუნდში ვეღარ დარჩნენ. „მეტარეიტინგ“-ის (Metarating) ცნობით, შატოვი ყაზანში სეზონზე 425 ათას ევროს (35 მილიონი რუბლი) გამომუშავებას იმედოვნებს. ახალ რეალობაში ეს კოსმიური მოთხოვნებია,“ – წერს გამოცემა.

ამავე დროს, „კაზანფირსტ“ ვარაუდობს, რომ ყაზანური კლუბი შატოვის გამო ქართველებს განზე არ გაწევს.

„ზაფხულში შატოვი 30 წლის გახდება. მისი პიკი იყო 2013 წლიდან 2016 წლამდე. ბოლო სამი წლის განმავლობაში, ფეხბურთელმა „ზენიტის“ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. შატოვს შეუძლია თავდასხმის ფლანგზე და ნახევარდაცვის ცენტრში ასპარეზობა, მაგრამ ამ პოზიციებზე „რუბინში“ მოთამაშეთა აშკარა სიმრავლეა – დავითაშვილი, კვარაცხელია, ბაკაევი, მაკაროვი“.