ფუტსალის ლიგა 2-ის გადამწყვეტ შეხვედრაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა პსპ 5:1 დაამარცხა, ჩემპიონი გახდა და უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა.
ანგარიშის მიუხედავად, ფინალი დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. გამარჯვებული გუნდიდან ნიკა მანგოშვილმა დუბლი გაიფორმა, თითო გაიტანეს ბექა ბექაურმა, ნიკა ოთანაშვილმა და გუნდის მეკარე, დავით ჯინჭარაძემ. „ფარმაცევტების“ რიგებიდან ერთადერთი ბურთის გაქვითვა ლევან სვანიძემ შეძლო. ფინალის საუკეთესო მოთამაშედ დავით ჯინჭარაძე დასახელდა, რომელსაც ესპანური ბრენდი „ჯომასგან“ 100-ლარიანი ვაუჩერი გადაეცა.
გიორგი ღავთაძე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფეხბურთელი:
„პსპ მთელი სეზონის განმავლობაში ფავორიტი იყო. ჩვენც სამჯერ მოგვიგო და მხოლოდ ერთი მარცხი ჰქონდა. ფსიქოლოგიურად კარგად ვიყავით მომზადებულები, ფინალში დასაკარგი არაფერი გვქონდა. გამარჯვება სწორედ ამან განაპირობა“.
14 აგვისტოს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გადათამაშება გაიმართება, სადაც ფუტსალის ლიგის მეხუთეადგილოსანი „მართვე“ ლიგა2-ის ვერცხლის პრიზიორ პსპ-ს უმაღლესი ლიგის საგზურისთვის დაუპირისპირდება.