ფუტსალის ლიგის საუკეთესო მეკარე დავით ჯინჭარაძე გარდაიცვალა #1TVSPORT
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და საქართველოს ფუტსალის ასოციაციამ ერთობლივი საგანგებო განცხადება გაავრცელეს, საიდანაც საფეხბურთო სამყარომ უმძიმესი ამბავი შეიტყო – საქართველოს ჩემპიონი და ეროვნული ნაკრების კანდიდატი დავით ჯინჭარაძე გარდაიცვალა.
„საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ფუტსალის მოთამაშეს დავით ჯინჭარაძის გარდაცვალების გამო. იგი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფუტსალის კლუბის წევრი იყო“, – წერია განცახდებაში.
სფფს- ცნობით, მომხდარი ტრაგედიის გამო ფუტსალის ლიგის მე-6 ტურის მატჩები, რომელიც ხვალ, 3 დეკემბერს უნდა გამართულიყო, გადადებულია.
დავით ჯინჭარაძე 24 წლის გახლდათ. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფუტსალის კლუბის წევრი ერთ-ერთი გამორჩეული და პერსპექტიული მეკარე გახლდათ. პირადად მისი დიდი დამსახურებაა, რომ ისტორიაში პირველად კსუ (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი) დასრულებულ სეზონში ქვეყნის ჩემპიონი გახდა.
2020-2021 სეზონის დასრულების შემდეგ დავით ჯინჭარაძე დამსახურებულად აღიარეს ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ. ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა კსუ-ს ნიჭიერი მეკარე საქართველოს ნაკრებში წელს ლიეტუვასთან ამხანაგურ შეხვედრებში გამოიძახა – სიაში იყო დეკემბრის ამხანაგურ შეხვედრებშიც, რომელსაც ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში სერბეთთან (16 და 18 დეკემბერს) და ყირგიზეთთან (21 და 22 დეკემბერს) ჩაატარებს.