კატარი 2022 | ტიტე შორს იყო მისიისგან - ბრაზილიური პრესა წაგებას ნაკრების მთავარ მწვრთნელს აბრალებს და უცხოელ სპეციალისტს ითხოვს #1TVSPORT
ბრაზილიის ნაკრები, რომელიც ბევრს მსოფლიო ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად მიაჩნდა, კატარიდან სამშობლოში მიემგზავრება. პენტაკამპეონებმა ხორვატიასთან წააგეს, არადა, მატჩის მსვლელობისას დიდ სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ.
ამ წაგებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა ბრაზილიურ პრესაში.
O Globo: პროფესორ ტიტეს გაკვეთილი ჩაუტარეს
გამოცემა O Globo-მ გააანალიზა მატჩის მსვლელობისას ტიტეს გადაწყვეტილებები. ჟურნალისტ ბრუნო მარინიოს აზრით, ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამდენიმე შეცდომა დაუშვა, რამაც, საბოლოოდ, იმოქმედა მატჩის შედეგზე. ეს ეხება, მაგალითად, თამაშის მსვლელობისას შეცვლებს და 11-მეტრიანების სერიას. „პროფესორ ტიტეს გაკვეთილი ჩაუტარეს“, – მიაჩნია ავტორს.
რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ პენალტი არ შეასრულა ნეიმარმა. დიდი ალბათობით, მას უნდა დაერტყა მეხუთე პენალტი, მაგრამ აქამდე საქმე არ მივიდა. „ღირდა ბოლო პენალტზე ნეიმარის დაყენება? რატომ არ გახსნა მან სერია?“ – კითხულობს O Globo.
ESPN Brazil-ი: ბრაზილიას სასწრაფოდ ესაჭიროება უცხოელი მწვრთნელი
ბრაზილურმა ESPN-მაც გააკრიტიკა ტიტე. ჟურნალისტმა პაულო კობოსმა დაწერა: „ბრაზილიას სასწრაფოდ ესაჭიროება უცხოელი მწვრთნელი! მხოლოდ ასე თუ შევძლებთ ყოველ ჯერზე თავიდან ავიცილოთ ფიასკო მსოფლიო ჩემპიონატებზე. ჩვენ შინ გაგვიშვა არა მძლავრმა საფრანგეთმა, როგორც ეს იყო 1998 და 2006 წლებში, არა 2010 წლის ნიდერლანდებმა ან 2014 წლის გერმანიამ, ჩვენ წავაგეთ ხორვატიასთან, რომელიც შორს არის თავისი საუკეთესო თამაშისგან, ქვეყნის მოსახლეობა კი ძლივს აჭარბებს ოთხ მილიონ ადამიანს.
ბრაზილის 24 წელია ვერ იგებს მსოფლიო თასს. ეს მტანჯველია ყველასთვის, ვისაც სჯერა, რომ ჩვენ საუკეთესოები ვართ მსოფლიოში. გვყავს ბევრი კარგი ფეხბურთელი, მაგრამ ევროპულ გუნდებთან ზედიზედ წაგებები აჩვენებს, რომ ბრაზილიელი მწვრთნელები მოძველდნენ. ტიტეს მსოფლიო თასის მოგების ორი შანსი ჰქონდა, მაგრამ ის ამ მისიისგან ძალიან შორს აღმოჩნდა. ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციამ ერთი წამითაც არ უნდა დააყოვნოს და მომდევნო მწვრთნელად უცხოელი აირჩიოს. გვარდიოლაზე ოცნებას აზრი არ აქვს, მაგრამ ნებისმიერი მწვრთნელი აჯობებს ამ აუტსაიდერს“.
Metropoles-ი: ეს ნამდვილი კოშმარია
„ყველა პროგნოზის მიუხედავად, ბრაზილიამ ძალიან ადრე დატოვა ტურნირი. შედეგს შეიძლება ეწოდოს გასაოცარი იმის გათვალისწინებით, რა შემადგენლობა იყო ტიტეს განკარგულებაში. ხორვატია კი გახდა ამ ტურნირზე ბრაზილიის ყველაზე რთული მოწინააღმდეგე. ეს მატჩი – ნამდვილი კოშმარია“, – წერს Metropoles-ი.
Marca: უკვდავი ხორვატია ბრაზილიური კოშმარების განთქმულ სიაში მოხვდა
„ნეიმარის გოლის შემდეგ ხორვატია კატარის უდაბნოში დააგდეს კომპასისა და წყლის გარეშე. მაგრამ მან სრულიად მოულოდნელად კონტრშეტევისას გაათანაბრა ანგარიში, ბრაზილიამ კი, უბრალოდ, ვერ გაარკვია, როგორ დაეცვა თავი მეორე დამატებულ ტაიმში. ხორვატიას ჰქონდა გეგმა – მიეყვანა მატჩი პენალტებამდე. მან გილიოტინიდან თავი გამოაძვრინა და ისარგებლა შეცდომით, რომელიც ბრაზილიის რამდენიმე თაობას შავ ლაქად გაჰყვება. ბრაზილიელებმა გაატარეს ერთადერთი კონტრშეტევა დამატებით დროში, რამაც გოლი გამოიწვია. ეს მოხდა მარკინიოსის შეცდომის შემდეგ, რომელსაც უფრო უარესი პენალტების სერიაში ელოდა. ასე მოხვდა უკვდავი ხორვატია ბრაზილიური კოშმარების განთქმულ სიაში“, – დაწერა ესპანურმა გამოცემამ.
* * *
სოციალურ ქსელშიც ბევრი დაინტერესო მოსაზრება გამოითქვა ბრაზილიის ნაკრების წაგების შესახებ.
„მივმართავ ნეიმარს, ვინისიუსს, რიშარლისონსა და ანტონის. თქვენ არ დაგიმსახურებიათ მსოფლიო თასი არა მხოლოდ ქედმაღლობის გამო, არამედ იმიტომაც, რომ გაუბედავები იყავით. თქვენ არასაკმარისად ძლიერად გსურდათ ბრაზილიის გაბედნიერება“, – დაწერა Midiasret-მა.
„ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ბრაზილია გამოვარდა – მთავარი მწვრთნელი ტიტეა“, – მიაჩნია VlogdoLisboa-ს.