კატარი 2022 | მუნდიალის მწვრთნელი-სენსაცია - საუდის არაბეთის ფრანგი დამრიგებელი, რომელმაც დამლაგებლობით დაიწყო, პირველ წარმატებას კი ზუგდიდის „ბაიას“ თავდამსხმელით მიაღწია #1TVSPORT
კატარი 2022 | მუნდიალის მწვრთნელი-სენსაცია - საუდის არაბეთის ფრანგი დამრიგებელი, რომელმაც დამლაგებლობით დაიწყო, პირველ წარმატებას კი ზუგდიდის „ბაიას“ თავდამსხმელით მიაღწია #1TVSPORT

ერვე რენარის გაწვრთნილმა საუდის არაბეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე დიდი სენსაცია მოახდინა და პირველსავე ტურში ლიონელ მესის არგენტინა 2:1 დაამარცხა.

„ჩვენი სიხარული 20 წუთს გაგრძელდა. უნდა მოვემზადოთ მინიმუმ ორი თამაშისთვის. უბრალოდ, დღეს ცაში ყველა ვარსკვლავი საჩვენოდ იყო განლაგებული“, – ასე ლაკონიურად და იუმორით შეაფასა ფრანგმა მწვრთნელმა სენსაციური გამარჯვება.

ერვე რენარდი 1968 წლის 30 სექტემბერს (54 წლის) სავოიაში, საფრანგეთში დაიბადა. საკლუბო კარიერის დიდი ნაწილი გაატარა „კანში“ და საფრანგეთის ქვედა დივიზიონების კლუბებში. სამწვრთნელო კარიერაში კი აფრიკის რამდენიმე ნაკრები გაუწვრთნია. მან ზამბიისა და კოტ დ’ივუარის საფეხბურთო ნაკრებებთან ერთად 2012 და 2015 წლებში მოიგო აფრიკის ერთა თასი; 2016-2019 წლებში იყო მაროკოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

სამწვრთნელო სანაკრებო კარიერა

2007–2008 განა

2008-2010 ზამბია

2010 ანგოლა

2011 ალჟირი

2011-2013 ზამბია

2014-2015 კოტ დ’ივუარი

2016-2019 მაროკო

2019 – დღემდე საუდის არაბეთი

ერვე რენარდმა სამწვრთნელო კარიერა დაიწყო დაბალი ლიგის კლუბებში, რის შემდეგაც მუშაობდა მწვრთნელის ასისტენტად ჩინურ კლუბ „გუიჟოუ რენეში“. 2004 წელს დაინიშნა ინგლისურ კლუბ „კემბრიჯ იუნაიტედში“, შემდეგ კი — ფრანგული „შერბურის“ მთავარ მწვრთნელად; მოგვიანებით იყო კლოდ ლე როის ასისტენტი განის ნაკრებში.

2008 წლის მაისიდან იგი გახდა ზამბიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რომელიც 2010 წლის აფრიკის ერთა თასის 1/4 ფინალამდე გაიყვანა და მას 2010 წლის აპრილამდე ხელმძღვანელობდა. მის კარიერაში ვხვდებით უცნაურად  მოკლე პერიოდის სამუშაოსაც — ორი დღის განმავლობაში ანგოლის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო.

ერვე რენარდი 2011 წლის 22 ოქტომბერს დაბრუნდა ზამბიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე და მასთან ერთად მოიგო აფრიკის ერთა თასი 2012 წელს, რაც საერთაშორისო შეჯიბრებებში ზამბიის პირველი დიდი გამარჯვება იყო. ეს დიდი სენსაცია წმინდა სამწვრთნელო გამარჯვება გახლდათ, რადგან ზამბიელების შემადგენლობაში მხოლოდ ორი მოთამაშე წარმოადგენდა ევროპულ კლუბებს (ჩისამბა ლუნგუ – „ურალი“ და ემანუელ მაიუკა – „იანგ ბოიზი“).

ჩისამბა ლუნგუ 2009 წლის ივლისში ერევნის „პიუნიკიდან“ იჯარით გადავიდა ქართულ გუნდში, ზუგდიდის „ბაიაში“. მან საქართველოში კარგი სეზონი ჩაატარა და საქართველოს მოქალაქეობაც ჰქონდა. ჩვენს ახალგაზრდულ ნაკრებში ოთარ გაბელიას ხელმძღვანელობით არაოფიციალური მატჩიც ჩაატარა, მაგრამ 2010 წლის აგვისტოში ლუნგუ ეკატერინბურგის „ურალს“ შეუერთდა და მერე ზამბიის ნაკრებშიც მიიწვიეს.

2014 წლის ივლისში, ერვე რენარი კოტ-დ’ივუარის ეროვნულ გუნდს ბრაზილიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ხელმძღვანელობდა. 2015 წლის აფრიკის ერთა თასზე მისმა გუნდმა გაიმარჯვა, ფინალში განა პენალტების სერიაში 9:8 დაამარცხა.

2015 წლის 22 მაისს ერვე რენარდმა კოტ დ’ივუარის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა და ფრანგულ „ლილთან“ სამწლიანი ხელშეკრულება გააფორმა, მაგრამ 13 ტურის შემდეგ კლუბმა მწვრთნელთან კონტრაქტი გაწყვიტა.

2016 წელს იგი მაროკოს ეროვნულ გუნდს ხელმძღვანელობდა. რენარმა მაროკო 2017 წლის აფრიკის ერთა თასის მეოთხედფინალში გაიყვანა და ასევე, 20 წლის განმავლობაში პირველად — მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: 30 წლის ასაკში ის გახდა სამხრეთ საფრანგეთის პატარა გუნდის, „დრაგინანის“ მწვრთნელი. რენარი მუშაობდა დამლაგებლადაც და საბოლოოდ,  დასუფთავების საკუთარი კომპანია შექმნა.

მიღწევები

აფრიკის ერთა თასის 2012 წლის გამარჯვებული (ზამბიის ნაკრები)

აფრიკის ერთა თასი 2015 (კოტ დ’ივუარის ნაკრები)

აფრიკის საუკეთესო მწვრთნელი 2012, 2015 და 2018 წლებში.

ერვე რენარი გახდა პირველი მწვრთნელი, რომელმაც მოიგო აფრიკის ერთა თასი ორ სხვადასხვა ეროვნულ გუნდთან ერთად.

ერვე რენარდი არის ზამბიის საპატიო მოქალაქე.