კატარი 2022 | მექსიკის ნაკრების არგენტინელი მწვრთნელი პროტესტის ფონზე გადადგა #1TVSPORT
მექსიკის ნაკრებმა კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის C ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და გათამაშებას გამოეთიშა. არადა, 1978 წლიდან მექსიკელები მსოფლიო ჩემპიონატის პლეი ოფში უპრობლემოდ გადიოდნენ, მაგრამ 1994 წლიდან მოყოლებული, ტურნირს ამ ეტაპზე ეთიშებოდნენ. ამჯერად კი ესეც ვერ მოახერხეს.
მექსიკელი ფანები მსოფლიო ჩემპიონატზე წარუმატებლობაში მთავარ დამნაშავედ ნაკრების არგენტინელ მწვრთნელს, ხერარდო მარტინოს ასახელებენ, რომელსაც ტურნირის დაწყებამდეც არ სწყალობდნენ. მარტინოს მსოფლიო ჩემპიონატის წინ გულშემატკივრები და ჟურნალისტები მკაცრად აკრიტიკებდნენ, რადგან არ მოსწონდათ ის სათამაშო სტილი, რომლითაც ის გუნდს ათამაშებდა.
მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ არგენტინელი სპეციალისტი მექსიკის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან მოსალაპარაკებლად გაფრინდა. „მექსიკის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს სამწვრთნელო შტაბთან შეხვედრა სურდათ, რათა მოესმინათ განმარტება, რა გახდა კატარში წარუმატებლობის მიზეზი“, – წერს Marca Claro.
Diario Record-ის რეპორტაჟიდან ცნობილი გახდა, რომ აეროპორტში გულშემატკივრები მარტინოს ისე აგრესიულად დახვდნენ, რომ მწვრთნელი მანქანამდე პოლიციამ მიაცილა.
„შენ მხოლოდ საქურდავად ჩამოხვედი!“ – სკანდირებდნენ გულშემატკივრები. საბოლოოდ, ხერარდო მარტინომ მექსიკის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.