კატარი 2022 | ლიბერიის პრეზიდენტის ვაჟი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე ამერიკის ნაკრებში თამაშობს [ვიდეო] #1TVSPORT

აშშ-ს ნაკრები კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე B ჯგუფში უელსს დაუზავდა – 1:1. ​ამერიკელების შემადგენლობაში გოლი ფრანგული „ლილის“ მოთამაშემ, ტიმოთი ვეამ „ჩელსის“ ნახევარმცველის, კრისტიან პულიშიჩის პასით გაიტანა.

ტიმოთი ვეა ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელის, 1995 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელის, ლიბერიის მოქმედი პრეზიდენტის, ჟორჟ ვეას ვაჟია. ბუნებრივია ისმის კითხვა: რატომ აშშ-ის ნაკრები და არა ლიბერია?

უმცროსი ვეა ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიბადა და ფეხბურთის თამაშიც იქ დაიწყო. პირველი საფეხბურთო ნაბიჯები თავისი ცნობილი მამის მეთვალყურეობითა და ხელმძღვანელობით გადადგა, შემდეგ ჯერ — აშშ-ის ფეხბურთის განვითარების აკადემიაში, ხოლო შემდეგ ნიუ-იორკის „რედ ბულზის“ აკადემიაში ჩაირიცხა. 14 წლის ტიმოთი ევროპაში გადავიდა — ის „პარი სენ-ჟერმენისსკაუტებმა შენიშნეს.

პროფესიულ ფეხბურთში უმცროსმა ​ვეამ პირველად საფრანგეთში 2018 წლის მარტში ითამაშა: მაშინ პსჟ-ს უნაი ემერი წვრთნიდა. საფრანგეთში დებიუტს „სელტიკში“ იჯარა მოჰყვა (რომელთან ერთადაც ტიმოთიმ შოტლანდიის ჩემპიონატი და თასი მოიგო), საიდანაც „ლილში“ გადავიდა და დღემდე ამ გუნდის ღირსებას იცავს. მან ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ექვსი მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია. სამაგიეროდ, თავი გამოიჩინა მსოფლიო ჩემპიონატის პირველსავე ტურში.

საერთაშორისო დონეზე ტიმოთის შეეძლო ეთამაშა ერთდროულად ოთხ ნაკრებში: აშშ-ის, საფრანგეთის, იამაიკის (ფეხბურთელის დედა კლერ მერი იამაიკელია) და ლიბერიის. საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ ჟორჟ ვეას ვაჟს შესთავაზა მათი ეროვნული გუნდის წევრი გამხდარიყო, მაგრამ მან თავაზიანად უარი თქვა, აირჩია ფაქტობრივი სამშობლო და თქვა, რომ მისთვის „სულაც არ იყო რთული“ ამ გადაწყვეტილების მიღება.