კატარი 2022 | კვარაცხელიამ მარადონასა და მესის ფოტო გამოაქვეყნა - ქართველი თავდამსხმელი არგენტინის ჩემპიონობას გამოეხმაურა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრების წარმატებას გამოეხმაურა – სამხრეთამერიკელებმა კატარში დასრულებული მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთი (დამატებით დროში 3:3, პენალტებით 4:2) დაამარცხეს და ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ.
საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ თავდამსხმელმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც, სიმბოლურად, მარადონა მესის მსოფლიო თასს გადასცემს. არგენტინას მსოფლიო ჩემპიონატი 1986 წელს მექსიკაში გამართული მუნდიალის შემდეგ არ ჰქონდა მოგებული, მაშინ სამხრეთამერიკულ გუნდს ყველა დროის უძლიერესი ფეხბურთელი დიეგო მარადონა ლიდერობდა.
არგენტინაში მარადონასა და მესის შედარება, ბოლო წლებია, ძალიან აქტუალურია. გუშემატკივართა ერთი ნაწილი დარწმუნებულია, რომ მესი საუკეთესოა და ამ მოსაზრებას ახლა უკვე მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებით ადასტურებენ. ქომაგთა დიდ ნაწილს კი სჯერა, რომ მარადონა თავისი ტექნიკითა და ქარიზმით, ისეთი ვარსკვლავისთვისაც კი, როგორიც მესია, მიუწვდომელია.
თუმცა ეს ისეთი თემაა, რომელზეც გულშემატკივრები, სავარაუდოდ, ვერასოდეს შეთანხმდებიან და ამ ორი მოთამაშის შედარება ალბათ კიდევ დიდხანს გაგრძელდება.