კატარი 2022 | ფიფა-ს პრეზიდენტი გასაოცარ ციფრებს ასახელებს - კატარის მუნდიალიდან მილიარდით მეტი შემოსავალი მივიღეთ, ვიდრე რუსეთიდან #1TVSPORT
ფიფა-ს პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ კატარის მსოფლიო ჩემპიონატიდან მიღებული შემოსავლები 2018 წელს რუსეთში ჩატარებული ჩემპიონატის შემოსავლებს შეადარა.
„ფიფა-ს შემოსავალმა კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 7 მილიარდ ევროს მიაღწია. ეს ერთი მილიარდი ევროთი მეტია, ვიდრე ოთხი წლის წინ რუსეთში ჩატარებული მუნდიალიდან მივიღეთ. დასწრებაც გაუმჯობესდა – კატარში მატჩებს 3,27 მილიონი მაყურებელი დაესწრო, რუსეთში კი – 3,03 მილიონი.
კატარის მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიაში საუკეთესოა. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ტურნირის ორგანიზებაში მონაწილეობდა. ცალკე გამოვყოფ მაროკოს ეროვნულ გუნდს და ვაფასებ ქალი მსაჯების მუშაობას“, – ციტირებს ინფანტინოს სიტყვებს ესპანური გამოცემა „მარკა“.
კატარში მსოფლიო ჩემპიონატი 20 ნოემბერს დაიწყო და 18 დეკემბერს დასრულდება. ტურნირის ფინალში არგენტინა და საფრანგეთი ითამაშებენ. შეგახსენებთ, რომ ფრანგები მოქმედი მსოფლიო ჩემპიონები არიან. მესამე ადგილისთვის მატჩში 17 დეკემბერს წინა მუნდიალის ფინალისტი ხორვატია მაროკოს შეხვდება.