კატალონიის პრეზიდენტი კიმ ტორა გამოეხმაურა ლიონელ მესის გადაწყვეტილებას „ბარსელონადან“ წასვლის შესახებ.
„კატალონია ყოველთვის იქნება შენი სახლი. დიდი მადლობა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ბრწყინვალე ფეხბურთით ჩვენთვის ბედნიერება მოგქონდა. გაგვიმართლა იმით, რომ საშუალება გვქონდა ჩვენი ცხოვრების დღეები გაგვეზიარებინა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთან და კეთილშობილ სპორტსმენთან. ჩვენ არასოდეს დაგივიწყებთ“, – დაწერა ტორამ „ტვიტერში“ საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონამ“ დაადასტურა ინფორმაცია – კლუბმა ლიონელ მესისგან წასვლაზე ოფიციალური განაცხადი მიიღო – არგენტინელმა კატალონური კლუბის დატოვება გადაწყვიტა.
ამის შემდეგ, „ბარსელონას“ პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბარტომეუმ დირექტორთა საბჭოს საგანგებო კრება მოიწვია, რათა ეს საკითხი განიხილოს. ხელმძღვანელები შეეცდებიან იურიდიულად დაბლოკონ არგენტინელთან კონტრაქტის გაწყვეტა.