პირველი მატჩი ჩაატარა „მეიჯორ ლიგ სოკერის“ (MLS) განახლებულ სეზონში გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის „სან ხოსემ“. მისი მეტოქე MLS-ის მოქმედი ჩემპიონი „სიეტლი“ იყო. ეს გუნდები B ჯგუფში გამოდიან.
მატჩი გოლების გარეშე დასრულდა – 0:0. სტატისტიკის მიხედვით, „სან ხოსეს“ ჰქონდა უპირატესობა: ბურთის ფლობა – 63:37 პროცენტი, დარტყმები – 16:12, ზუსტი დარტყმები – 8:6, კუთხურები – 9:1.
გურამ კაშიაც და ვაკო ყაზაიშვილიც ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. კაშიამ 90 წუთი ითამაშა, ყაზაიშვილი კი 85-ე წუთზე კეიდ კოუელმა შეცვალა.
B ჯგუფში ასევე თამაშობენ „ჩიკაგო“ და „ვანკუვერი“. „სან ხოსე“ შემდეგ შეხვედრას 16 ივლისს, „ვანკუვერის“ წინააღმდეგ ჩაატარებს. ჯგუფში წრიული სისტემის შემდეგ, ორი საუკეთესო გუნდი პლეი ოფში გავა.