კაშიასა და კანკავას „სლოვანი“ „ოლიმპიაკოსთან“ დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
11:34, 20.08.2021
ევროპის ლიგის პლეიოფში ვლადიმირ ვაისის ბრატისლავას „სლოვანმა“, სადაც გურამ კაშია და ჯაბა კანკავა გამოდიან, პირველი მატჩი გასვლაზე ჩაატარა და დიდი ანგარიშით დამარცხდა.
სლოვაკეთის ჩემპიონი საბერძნეთში პირეოსის „ოლიმპიაკოსს“ ესტუმრა და 0:3 დამარცხდა. გურამ კაშია და ჯაბა კანკავა ბრატისლაველთა ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და შეუცვლელად ითამაშეს, 93-ე წუთზე კაშიამ ყვითელი ბარათი მიიღო.
ბერძნული კლუბი დიდ უპირატესობას ფლობდა და 37-ე წუთზე მოჰამედ კამარას გოლით დაწინაურდა. მეორე სტუმართა კარი პაპ აბუ სისემ 52-ე წუთზე აიღო, ხოლო მესამედ სლოვაკების მცველმა ვასილ ბოჭიკოვმა 68-ე წუთზე ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. ჯაბა კანკავა 86-ე წუთზე ძლიერი დარტყმით სხვაობის შემცირებას შეეცადა, მაგრამ ბურთი კარს ააცილა.
საბოლოოდ, 3:0 „ოლიმპიაკოსის“ სასარგებლოდ და ბერძნულმა კლუბმა განმეორებით მატჩამდე დიდი უპირატესობა მიიღო. გუნდების მეორე დაპირისპირება 26 აგვისტოს სლოვაკეთში გაიმართება.
გასვლითი მატჩი ჩაატარა დავით ხურციძის „ალაშკერტმაც“, რომელიც გლაზგოს „აიბროქსზე“ „რეინჯერსს“ ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. ქუთაისის „ტორპედოს“ ყოფილმა ნახევარმცველმა თამაში სომხეთის ჩემპიონის ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მე-80 წუთზე შეცვალეს.