კაშიას „სლოვანმა“ „რეალთან“ შეხვედრამდე „მიხალოვცე“ დაამარცხა #1TVSPORT
ბრატისლავას „სლოვანი“ სლოვაკეთის ჩემპიონატში „ზემპლინ მიხალოვცეს“ გასვლაზე დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 4:2 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი ვლადიმირ ვაისის გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. 9 ტურის შემდეგ ბრატისლავას „სლოვანი“ 21 ქულით პირველ ადგილზეა და 4 ქულით ასწრებს „ჟილინას“, თუმცა, ერთი მატჩი თადარიგში აქვს.
„სლოვანის“ მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა თამაში შეაფასა და ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის „რეალთან“ მოახლოებულ დაპირისპირებაზეც ისაუბრა.
„დაღლილებიც ვიყავით და ამის გამო, მიხარია, სახლში სამი ქულით რომ მივდივართ და არავინ დაშავებულა. ცუდი დაწყების შემდეგ ვითარების შემობრუნება მოგვიწია, ეს ჩვენი მოთამაშეების კლასის დამსახურებაა. ჩვენი ამოცანაა, ასეთი შედეგები მომავალშიც ვაჩვენოთ. მოუთმენლად ველით სამშაბათს, როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე მსოფლიოს საუკეთესო გუნდს, მადრიდის „რეალს“ შევხვდებით. გვინდოდა, რომ „მიხალოვცესთან“ არავინ დაშავებულიყო და სამშაბათამდე სამი ქულა აგვეღო. ასე რომ, ჩვენ ბედნიერები ვართ“, – ამბობს ვალდიმირ ვაისი.