„სან-ხოსეს“ ქართველ ლეგიონერებს, გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილს, შესაძლოა, ხელფასები 50 პროცენტით შეუმცირონ – ეს ცნობილი ამერიკული სატელევიზიო არხის „ეი-ეს-პი-ენ“-ის (ESPN) გავრცელებული ინფორმაციიდან გახდა.
საქმე ისაა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, ამერიკული საფეხბურთო ლიგის ხელმძღვანელობამ ფეხბურთელთა ინტერესების დაცვის ასოციაციასთან (MLSPA) მოთამაშეების ხელფასების შემცირების მიზნით მოლაპარაკებები დაიწყო.
წყაროს ცნობით, მხარეებმა ვიდეოკონფერენცია ჩაატარეს. შეხვედრის დროს განიხილეს სეზონის გაგრძელებისა და ფეხბურთელების ხელფასების შემცირების შესაძლო ვარიანტები.
MLS- ის ხელმძღვანელობამ მოითხოვა, რომ ფეხბურთელების ხელფასები მინიმუმ 50% -ით შეამცირონ. უფრო მეტიც, ეს ვარიანტი მხოლოდ სეზონის ნაწილის გაუქმების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. თუ სეზონი გაგრძელდება, ხელფასების შემცირება ნაკლებად მნიშვნელოვანი იქნება.