კაშიამ სლოვაკეთში პირველად გაიტანა - ვაისის „სლოვანმა“ თამაში გადაარჩინა [ვიდეო] #1TVSPORT
გასაოცარი მატჩი ჩაატარა ბრატისლავის „სლოვანმა”, სადაც ორი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს. ვაისის გუნდმა სლოვაკეთის სუპერლიგის გასვლითი შეხვედრა ბოლოადგილოსან „პოჰრონიესთან“ 4:3 მოიგო.
ამაში გასაკვირი არაფერი იქნებოდა, რომ არა მატჩის მსვლელობა – 21-ე ტურის ამ შეხვედრის პირველი ტაიმის ბოლოს „სლოვანი“ 0:3-ს აგებდა. მიჰალიკის დუბლით (18, 41) და ოჟვოლდას (3) გოლით მასპინძლები შესვენებაზე დიდი უპირატესობით გავიდნენ – 3:0.
საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ბრატისლაველთა ძირითად შემადგენლობაში გურამ კაშია დააყენა, ხოლო ჯაბა კანკავამ წინა ტურში „სენიცასთან“ მიღებული ყვითელი ბარათის გამო თამაში გამოტოვა.
მეორე ტაიმში „სლოვანი“ გარდაისახა და 19 წუთში თამაშის შემოტრიალება მოახერხა. ბრატისლაველებიდან პირველი გოლი 49-ე წუთზე გრინმა გაიტანა, 54-ე წუთზე საპონიჩმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, ხოლო 62-ე წუთზე ანგარიში შეტევაში ჩართულმა კაშიამ გაათანაბრა.
„სლოვანი“ ამით არ დაკმაყოფილდა და 64-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა – მეტოქის კარი უმცროსმა ვლადიმირ ვაისმა აიღო და ბრატისლაველებმა 4:3 გაიმარჯვეს. 21 ტურის შემდეგ ვლადიმირ ვაისის გუნდი 52 ქულით სუპერლიგის ლიდერია და ტრნავის „სპარტაკს“ (44) სოლიდური უპირატესობით ასწრებს.