ამერიკის ჩემპიონატის (მეიჯორ-ლიგის) ბოლო ტურის შეხვედრაში, რომელშიც „სან-ხოსე“ „ატლანტასთან“ 3:4 დამარცხდა, გურამ კაშია მოედანზე კაპიტნის სამკლავურით გამოჩნდა.
„სან-ხოსე“ მესამე გუნდია, რომლის კაპიტნის სამკლავურიც გურამ კაშიამ მოირგო. საქართველოს ნაკრების მცველი კაპიტანი იყო ასევე თბილისის „დინამოსა“ და ჰოლანდიურ „ვიტესში“.
მიუხედავად ამისა, ინფორმაცია, თითქოს ქართველი მცველი „სან-ხოსეს“ კაპიტნად აირჩიეს, არასწორია. საქმე ისაა, რომ გუნდის კაპიტანი, ამერიკის ნაკრების შემტევი ნახევარმცველი კრის ვონდოლოვსკი, სათადარიგოთა სკამზე იჯდა და თამაშში მხოლოდ 61-ე წუთიდან ჩაერთო.
საინტერესოა, რომ ამ შეხვედრაში „ატლანტასთან“ კაშიამ „სან-ხოსე“ 27-ე წუთზე ნაღდი გოლისგან იხსნა, როდესაც ბურთი კარიდან გამოიტანა.